Thursday, April 7, 2011

გელათი

გელათის კომპლექსი მდებარეობს იმერეთში, ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მე-11 კილომეტრზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. აქ სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ბევრი ძეგლი დგას: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი. პირველ რიგში განვიხილავთ ამ ანსამბლის მთავარ ნაგებობას, ღვთისმშობლის ტაძარს.
მრავალი თაობის ხუროთმოძღვართა მიერ შექმნილ გელათის ნაგებობებს ანსამბლურობა ახასიათებს. ბედნიერ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ გელათის მთავარ ნაგებობებს დიდი ცვლილება არ განუცდიათ ჟამთასვლისაგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გელათის ანსამბლი, დაცულობის მხრივ, საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთია. ანსამბლის მთავარი ნაგებობა, ტაძარი, ქართული ძეგლების იმ მცირე რიცხვს ეკუთვნის, რომელთა ამგების ღვაწლიც ისტორიას არ დაუკარგავს. ეს გარემოება ყოველი დროის მკვლევარს საქმეს უადვილებს; თარიღის ძიება საჭირო აღარ არის.
ცნობას გელათში სამონასტრო ცენტრის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ“. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: „მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმინდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა“. შემდეგ მემატიანე წერს, თუ როგორ ააყვავა ეს სამოთხის დარი ადგილი მეფემ და აღმოსავლეთის „მეორე იერუსალიმში“ როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს, მეცნიერებას, სხვადასხვა დარგის მოაზროვნეებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ შორის იყო ბრწყინვალე ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. ყველა ეს პიროვნება მოღვაწეობდა სწორედ გელათის აკადემიაში. ამასთან ერთად ისიცაა აღსანიშნავი, რომ იმავე ისტორიკოსის ცნობით, გელათი ხდება მეფეთა სამარხად. აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი, მისი შვილი დემეტრე, გიორგი მესამე და სხვა მრავალი.
როგორც ამონაწერიდან ჩანს, დავითმა 1106 წელს წამოწყებული მშენებლობის დამთავრება თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო, სიკვდილის შემდეგ (1125 წ.) კი საქმიანობა მისმა შვილმა დემეტრემ გააგრძელა.
რა და რა ააგო კონკრეტულად დავითმა, ან დიდი ტაძარი სადამდე მიიყვანა, წერილობითი წყაროებით ზუსტად არ იმიჯნება, მაგრამ ძირითადად ცნობილია, დემეტრეს ტაძრის კონქი მოზაიკით მოურთავს.
გელათი მომდევნო საუკუნეებშიც წამყვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ამავე დროს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ გელათი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი განძსაცავი. აქ ბევრი ორიგინალური ნაწარმოები შექმნილა. მის კედლებს არაერთი ხელნაწერი და ოქრომჭედლობის ნიმუში შეუფარებია და დაღუპვას გადაურჩენია.
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XII-XIII ს-ში გელათის მონასტრის მფლობელობაში ითვლებოდა ვრცელი მიწა წყალი, მეურნეობაში წამყვანი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერი, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის ხელნაწერები და სხვა გადარჩენილი ძეგლები ამჟამად ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით. კედელ კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა. დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII ს-ში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.); ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც როგორც ჩანს ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.
ამ დიდი ნაგებობის შიგნით სივრცე მეტად ხალვათი და შთამბეჭდავია. ინტერიერში მყოფისათვის ეს ტიპიური ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ცენტრში აღმართული განიერი და მაღალი გუმბათი ოთხ მკლავზე გადამავალ თაღებს ეყრდნობა. თაღები კი აფსიდის კუთხეებისა და დასავლეთის ორი პილონის მაერთებელია. გუმბათის საყრდენების ოთხივე კუთხე ორ-ორი საფეხურით ერთნაირადაა დამუშავებული.
ცენტრალური სივრცის შემქმნელი ჯვრის მკლავები, როგორც ამას ჩვეულებრივად ვხვდებით, განსხვავებულადაა გადაწყვეტილი. მთავარ, აღმოსავლეთის მკლავს დაკისრებული აქვს საკურთხევლის როლი. იგი ღრმა ბემისა და ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება. ბემა კამარით მთავრდება, აფსიდი - კონქით. აფსიდს გარს უვლის ოთხი საფეხური, ცენტრში კი მცირე შემაღლებული ნაწილია გამოყოფილი. აქ საფეხურების რიცხვი რვაა. ეს ადგილი ალბათ მღვდელმთავრის ჩამოსაჯდომად იქნებოდა განკუთვნილი.
საკურთხეველი გელათში სამნაწილიანია, აფსიდის მარჯვნივ სადიაკვნეა, მარცხნივ - სამკვეთლო. ორივეგან ერთნაირი გადაწყვეტაა; მოგრძო სწორკუთხა სათავსო აფსიდით მთავრდება. აფსიდს უფრო მკვეთრად გამოყოფს პილასტერებზე დაყრდნობილი თაღი. პილასტერები მარტივი პროფილის კაპიტელებით მთავრდება. თითოეულ ამ სათავსთაგან ორ-ორი სარკმლით ნათდება. ერთი მოთავსებულია აღმოსავლეთით, მეორე - გარე კედლებში. ეს სათავსები საკურთხევლის ცენტრთან კარებით არ ყოფილა შეერთებული. ამჟამად სადიაკვნესთან არსებული კარი ისე ალმაცერადაა გაჭრილი, რომ აშკარად ემჩნევა გვიანი წარმოშობა. ამ სათავსებში კიდევ ერთი დეტალია აღსანიშნავი, კერძოდ, მარცხენა კუთხეში განლაგებული კიბეები. ეს კიბეები მეორე სართულის სათავსში ადის.
ცენტრალური სივრცის შემქმნელი სამი მკლავი, ბემის მსგავსად, კამარებითაა გადახურული. კამარები, გუმბათის საყრდენი თაღებივით, ოდნავ შეისრული ფორმისაა. ყოველი თაღი, მათ შორის კონქის წინა ხაზიც, მარტივი პროფილის მქონე იმპოსტებს ეყრდნობა.
ტაძრის დასავლეთი მონაკვეთი საკმაოდ რთულია. ეს შეეხება განსაკუთრებით გვერდით ნაწილებს. აქ ორ-ორ სართულთან გვაქვს საქმე. ქვედა სართული ჯვრის მკლავებთან თაღებითაა შეერთებული. ვიწრო მხარეებს, შესაბამისად, ვიწრო თაღები აქვს, ხოლო განიერ მხარეს - განიერი. ამ უკანასკნელის მოისრო თაღები რთული პროფილის იმპოსტებს ეყრდნობა. პლასტერებსაც რთული ბაზისები აქვს, გვერდითი მონაკვეთები ჯვრული ფორმის კამარებითაა გადახურული. დასავლეთ კედლის კუთხეებში კიბეები იწყება, რომლებიც მეორე სართულისკენ მიემართება.
მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. პატრონიკეს სათავსები გვერდით მონაკვეთებშია. მათ შემაერთებლად ვიწრო ბილიკია დატოვებული. პატრონიკეს ორივე ნაწილი ერთნაირია. მათი სამ-სამი თაღი გადის ჯვრის დასავლეთ მკლავის არეში, ხოლო თითო თაღი - გვერდითი მკლავების სივრცეში. გვერდითი სამ-სამი თაღიდან დასავლეთის ბოლო თაღები ვიწროა. ასეთი გადაწყვეტა ნაკარნახევი უნდა იყოს პატრონიკეების დამაკავშირებელი ბილიკის სიგანით. პატრონიკე გვერდებიდან ნათდებოდა ორ-ორი სარკმლით. ამჟამად ეს სარკმლები ამოქოლილია გვიანი მინაშენის გაჩენის გამო. ასევე დახშულია ის სამი კარი, რომლებსაც პატრონიკე უნდა დაეკავშირებინა დასავლეთით მდებარე ორსართულიან სტოასთან.
პატრონიკეს დონეზე საკურთხეველსაც აქვს მეორე სართული. მათი ფუნქცია სხვადასხვაა და ამის მიხედვით, ცხადია გადაწყვეტაც განსხვავდება, თუ პატრონიკე ეკლესიის ტრიუმფალურ ნაწილს წარმოადგენს, ამ უკანასკნელში სამალავები იყო. აღმოსავლეთის სათავსების გადაწყვეტა ერთნაირია. გეგმის მოგრძო სწორკუთხედი აფსიდით მთავრდება. თითო სარკმელი აღმოსავლეთით გადის და ორ-ორი გვერდებზე. თითო მოზრდილი ღია თაღი დატოვებულია ბემის არეში.
ტაძრის ცენტრის დამაგვირგვინებელ, განიერსა და მაღალ გუმბათზე თექვსმეტი სარკმელი თანაბარი ინტერვალითაა განლაგებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი აფრული სისტემითაა შესრულებული. წრეზე გადასვლის ადგილი საკმაოდ შვერილი კარნიზითაა გამოყოფილი.
ტაძარში შესვლა სამი მხრიდან შეიძლება. თითო კარი სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების არეშია მოთავსებული, ხოლო სამი კარი - დასავლეთის მკლავის არეში. გვერდის კარები ერთ ღერძზეა განლაგებული და ერთნაირი ზომები და ფორმა აქვს. თითოეული მათგანი შიგნიდან ტიმპანით მთავრდება. დასავლეთის კარებიდან გვერდითები ტოლებია, შუა კი მათზე შესამჩნევად განიერი. სამივე კარი შიგნიდან ტიმპანითაა დამთავრებული. წინა პლანზე მდებარე პილასტერებზე კი, ტიმპანების ზემოთ, თაღები გადადის, თაღების იმპოსტები პროფილირებულია.
ტაძრის შიდა სივრცე კარგად არის განათებული. სინათლის წყაროს დიდი კონცენტრაცია ცენტრშია - გუმბათის ყელის თექვსმეტ სარკმელს ემატება ჯვრის ოთხივე მკლავში მოთავსებული სამ-სამი სარკმლიდან შემოსული შუქი.
ტაძრის ფასადები თავდაპირველად უფრო მწყობრი იქნებოდა. მომდევნო პერიოდის მინაშენ-დანამატებმა, ცხადია, მას სახე უცვალეს. ამავე დროს, იმის აღნიშვნაცაა თავიდანვე საჭირო, რომ თვით ტაძრის ძირითად კორპუსს ამ ხნის განმავლობაში თითქმის არაფერი დაუკარგავს და არც მნიშვნელოვანი რესტავრაცია არ გაკეთებულა. ამის შედეგია ის, რომ დღესაც მეტად იმპოზანტურად გამოიყურება. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ტაძრის აღმოსავლეთის მხარე.
აღმოსავლეთის ფასადზე გამოდის სამი შვერილი აფსიდი. ამათგან მთავარია ცენტრალური - არა მარტო თავისი ზომებით, არამედ როგორც არქიტექტურული დომინანტიც. მაღალი წახნაგოვანი შვერილი თაღედითაა დამუშავებული. შუა სამ წახნაგს პილასტრები შემოფარგლავს, ხოლო განაპირებზე მხოლოდ თაღებია, ცალი მხრით კრონშტეინებზე დაყრდნობილი. ასეთი გადაწყვეტა გამოწვეულია გვერდითი მასების მთავარი აფსიდის არეში შემოჭრით. ტაძრის მშენებელი აღნიშნულ სამ წახნაგს ხაზს იმითაც უსვამს, რომ მათზევე ათავსებს თითო სარკმელს.
გვერდითი აფსიდები, აღწერილთან შედარებით, დაბალი და ვიწროებია, ისინიც წახნაგოვანია, მაგრამ ყოველგვარი მორთულობის გარეშე. შუა წახნაგებზე ორ-ორი სარკმელია განლაგებული. ამათგან მხოლოდ ქვედა სარკმლებს შემოუყვება ლილვოვანი მოჩარჩოება.
მოპირდაპირე, დასავლეთის ფასადის ქვედა ნაწილში კარიბჭე იყო, ამიტომაც მხოლოდ ზედა ნაწილია მორთული. აქაც, აღმოსავლეთის მსგავსად, მხოლოდ ცენტრალური ნაწილია დამუშავებული, ხოლო გვერდითა სიბრტყეები ხელუხლებადაა დატოვებული. ჯვრის მკლავის არე, სამი თაღით თითქმის თანაბარ მონაკვეთებადაა დაყოფილი. შეწყვილებული ლილვებისაგან შედგენილი პილასტერები რთულად დამუშავებული ბაზებითა და კაპიტელებით მთავრდება. ბაზები ამჟამად ჰაერში გამოკიდებულივით გამოიყურება, მაგრამ თავის დაროზე, ალბათ კარიბჭის სახურავს ერწყმოდა. ცენტრალური ოდნავ განიერი თაღი გვერდითებზე მაღალია და მას დამოუკიდებელი იმპოსტი აქვს. სწორედ ამ იმპოსტებს ეყრდნობა კარნიზის ქვედა ლილვიდან გამოსული „მარყუჟები“. ქვედა რიგში, პილასტერებს შორის შექმნილ არეებში, თითო სარკმელია მოთავსებული. სარკმლები მაღალი და განიერია - შუა სჭარბობს გვერდითებს. სარკმლებს ერთნაირად შემოფარგლავს ორ-ორი ლილვი. მათ შუა დატოვებული არშია გლუვია და უჩუქურთმო.
ტაძრის გვერდით გრძელ ფასადებს საკმაოდ რთული გადაწყვეტა აქვს. მართალია, მათი ქვედა ნაწილები გვიანი მინაშენებითაა დაფარული, მაგრამ თავდაპირველი სახის წარმოდგენა მაინც ხერხდება. მათში სამხრეთისა უკეთაა მორთული.
ორივე ფასადის ცენტრალური ნაწილი, ჯვრის მკლავის არე, ერთნაირადაა გადაწყვეტილი. აქ შეწყვილებული პილასტერებით შექმნილი სამი არეა. მათ ზედა მონაკვეთში აგრეთვე სამი მოზრდილი სარკმელია. როგორც ვხედავთ, ხუროთმოძღვარი სამივე ფასადს ერთ პრინციპზე რთავს. ოღონდ გვერდით ფასადებზე, სადაც კარები პირველ პლანზე გამოდიოდა, არქიტექტორი პორტალებს ქმნის.
გვერდითი ფასადების განაპირა მონაკვეთებზე მხოლოდ სარკმლებია განლაგებული. სამხრეთის ფასადის მარცხენა მხარეს, მაღლა, ერთ ჰორიზონტზე ორი სარკმელია (პატრონიკეს ანთებდნენ. ახლა ამოქოლილია). მათ წვრილი ლილვები შემოფარგლავს. მეორე, მარჯვენა მხარე, მეტადაა აქცენტირებული: მაღლა ორი სარკმელია შეწყვილებულად, ხოლო ქვემოთ ერთია. ზედა სარკმლები ლილვების კონითაა შემოფარგლული, ხოლო ქვედა - ჩუქურთმიანი არშიით. მართალია თვით არშია ლილვებშია ჩასმული, მაგრამ ეს ლილვები აქ თვალში არ გეცემათ. მორთულობის მრავალი ელემენტი კი მოთავსებულია ზედა და ქვედა სარკმლებს შორის; ქვედა სარკმლის თაღოვანი მოჩარჩოებიდან ამოსულ ლილვს ეყრდნობა მოჩუქურთმებული მედალიონი. აღწერილი სამი ელემენტი ნაგებობის ავტორს კომპოზიციურად დაუკავშირებია.
ჩრდილოეთის ფასადი, სამხრეთთან შედარებით, მარტივია. მის მარცხენა მონაკვეთში, ზემოთ, ორი მაღალი სარკმელია, ქვემოთ - წრიული. მათ მხოლოდ წვრილი ლილვები შემოუყვებათ. ფასადის მარჯვენა მონაკვეთში მდებარე სარკმლები მარტივად იყო გადაწყვეტილი.
ნაგებობის ავტორს დიდი ყურადღება დაუთმია ჯვრის ორივე მკლავის მაღალი მასების გვერდების დამუშავებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიბრტყეები უკანა პლანზეა, სახურავების მიღმაა - ავტორი მას მაინც თაღედით რთავს. უწყვეტი თაღედის მოტივად გამოყენებულია პილასტრებს შორის მოთავსებული ორი თაღი. თაღედის დეკორატიულობას ისიც უსვამს ხაზს, რომ კარნიზის გაყოლებით ლილვები „მარყუჟებს“ ქმნის.
ტაძარს აგვირგვინებს მასიური გუმბათი. გუმბათის ყელი ცილინდრული ფორმისაა. მასზე თექვსმეტი სარკმელი თანაბარი ინტერვალითაა განლაგებული. გუმბათის ზედაპირი ამდენივე თაღითაა დამუშავებული. თაღოვანი სისტემა შექმნილია შეწყვილებული პილასტერებით და მათი შემაერთებელი ლილვებით. კაპიტელები და იმპოსტები რთული ჩუქურთმითაა დაფარული. თვით სარკმლებს კი ლილვოვანი, სადა, უჩუქყრთმო არშიები შემოფარგლავს. თაღედი შეკრულ ლილვებზე ეყრდნობა, ზემოთ კი თითქმის კარნიზსს ეხება. ტაძრის თავდაპირველი სახურავი ლორფინისა ყოფილა, ამჟამად კი თუნუქითაა გადახურული. ტაძრის მინაშენები თავდაპირველი არ არის, ამიტომ მას შემდეგ განვიხილავთ.
გელათის ტაძარში შემსვლელი ხვდება დიდ და ვრცელ დარბაზში. შიგნით, სადაც არ უნდა იდგეთ, სიხალვათეს გრძნობთ, თავისუფლად სუნთქავთ. ამის ძირითადი ფაქტორებია პროპორციები და განათება. ფრესკული მხატვრობის პოლიქრომიაც ერთგვარად ახალისებს შთაბეჭდილებას.
გელათის ტაძარი XI-XIII საუკუნეებში გავრცელებულ ყველაზე ადრე აგებულ ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობათა ტიპს მიეკუთვნება. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გელათი ერთგვარად ორიგინალურია და ამ ტიპის ძეგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კერძოდ XI საუკუნეში განსახილველი ტიპის ძეგლებიდან სხვაგან არსად არ ვხვდებით სამ შვერილ აფსიდს. ტაძრის აღმოსავლეთის მხარის ასეთი გადაწყვეტა, დამახასიათებელია ადრეული საუკუნეების ძეგლებისათვის, მაგრამ ამ ხერხს შემდეგაც იყენებდნენ.
გელათის ავტორს ტაძარში შესასვლელების საკითხიც სათანადოდ გადაუწყვეტია. ამ დიდი სივრცის მქონე ნაგებობას, ცხადია პატარა კარები ფუნქციურად ვერ დააკმაყოფილებდა და არც მოუხდებოდა. ოსტატს მთავარ ამოცანად დაუსახავს ტაძარში შემსვლელისათვის ეჩვენებინა ძეგლის შიდა სივრცის მთელი სიდიდე. ასეთი ხედი დასავლეთის ფასადიდან იშლება. ნაგებობის ავტორი ჯერ წარმოიდგენდა თავის მიერ წარმოსახული ტაძრის შიდა სივრცეს და იმ ფერადოვან გამას, რომელსაც წარმოქმნიდა ფრესკული მხატვრობა და შემდეგ აქედან გამომდინარე, გადაწყვეტდა, დასავლეთის კედელი ჯვრის მკლავის არეში თითქმის გაეხსნა. ეს მიზანი მან მაქსიმალურად შეასრულა, რადგან სამ კარს ისეთი დიდი არე უჭირავს, რომ მათ შორის დარჩენილი კედლები უმნიშვნელოა. აქედან შესული მთავარს, ძირითადს, უცბად აღიქვამდა, ხოლო სიღრმეში, მნახველის თვალწინ, ახალ-ახალი სანახაობა იშლებოდა.
ტაძარში შესული ახლაც აღტაცებაში მოდის. ადრე, რელიგიურად განწყობილ მლოცველზე კი უფრო მეტად იმოქმედებდა ცენტრალური სივრცის გრანდიოზულობა. ეკლესიის განიერი და მაღალი შუა ნაწილი სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას იძენს ძლიერი განათების შედეგად. მზერა ქვემოდან ზემოთ, თანდათანობით მიჰყვება ჰარმონიულად შეხამებულ სიბრტყეებს და გუმბათის სფეროს აღწევს. მართალია, ასეთი დიდი მოცულობის ტაძარი სხვაც არის, მაგრამ იშვიათად ნახავთ ასეთ მწყობრ, ჰარმონიულ კომპოზიციას. ამ შემთხვევაში შესამჩნევია ის როლი, კომპოზიციის დამაგვირგვინებელი გუმბათის ყელი რომ ასრულებს. იგი მთავარი იმიტომაც არის, რომ მის კედლებში განლაგებულია თექვსმეტი მოზრდილი ზომის სარკმელი.
რაც შეეხება გუმბათის ყელში არსებულ სარკმლების რაოდენობის საკითხს, უნდა აღვნისნოთ, რომ გელათში ამ მხრივ განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს. აქ გუმბათის წრეხაზი ისე დიდია, რომ ნაკლები რაოდენობის საპმელი ნამდვილად არ მოუხდებოდა და ამავე დროს, ფრესკისა და მოზაიკისათვის განკუტვნილი კედლები საჭირო განათების გარეშე დარჩებოდნენ.
ინტერიერის განათებისათვის არანაკლები როლი ენიჭება ტაძრის ჯვრის მკლავებში მოთავსებულ სარკმლებს. გელათის ოსტატს ეს საკითხიც კარგად აქვს გადაჭრილი. განიერ და მაღალ კედლებში სამ-სამი სარკმელია განლაგებული. სამი მხარის სარკმლები (აღმოსავლეთის გარდა) ერთ დონეზეა. თითოეული სარკმელი ხალვათია. დიდი შიდა სივრცის მქონე ტაძარს მხოლოდ ასეთი სარკმლები შეესაბამებოდა.
ტაძრის ცენტრალური სივრცის შემქმნელი ჯვრის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები მოკლე და თანატოლია, მარტივადაა გადაწყვეტილი. ამას ვერ ვიტყვით ორ დანარჩენზე. მართალია, ჯვრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები თანაბარი სიმაღლისაა, მაგრამ მათი გვერდით ნაწილები რთული შემადგენლობისაა; ორივეგან ორ-ორ სართულთან გვაქვს საქმე. საკურთხევლის გვერდით კომპარტიმენტების ქვედა სართულის სამკვეთლოსა და სადიაკვნეში კარები თუ დარბაზიდანაა, ზედა სართულის, ე.წ. სამალავების, დასავლეთის ეს მხარე ყრუა და მოსახატავადაა დატოვებული. ასასვლელი ქვის კიბე შიგნიდანაა. სამალავები საკურთხევლის ბემის მიდამოებში გამოდის სარკმლებით, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში კარების ფუნქციაც ეკისრებოდათ.
როგორც ვხედავთ, ავტორმა აღმოსავლეთის მხარეს გამოყო საკურთხევლის აფსიდი, გვერდითი ნაწილები კი უფუნქციოდ დატოვა. ხოლო დასავლეთის მონაკვეთი კი რთულადაა ჩაფიქრებული. თუ აღმოსავლეთით სიმკაცრეა, აქ ფორმათა თამაშია, მეტი სიხალისეა. ცხადია, ეს მშენებელს მხოლოდ ამ მოსაზრებით გაუკეთებია. აქ მთავარი იყო პატრონიკეს მოწყობა, მისი ფუნქციური მხარე ტაძრის შიდა ორგანიზაციისათვის. ინტერიერში მისი მხატვრულობისათვის თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს დასავლეთის მინაშენის ორსართულიანობას. იყო თუ არ იყო იგი, ეს შიგნიდან მაინც არ ჩანდა და მასთან მაკავშირებელი სამი კარი კომპოზიციის აღქმაში ნაკლებად მონაწილეობს. რადგან პატრონიკენი მხოლოდ გვერდით მონაკვეთებშია, ამიტომ ცენტრალური მკლავი ერთნაირად იკითხება - ქვემოთ, მთელ სიგანეზე, სამი თაღოვანი კარი, ხოლო ზემოთ განიერი და მაღალი სამი სარკმელი; გვერდით მონაკვეთებში კი ქვემოთ თითო განიერი თაღი, ზემოთ კი შიგნიდან სამ-სამი, ხოლო აღმოსავლეთისაკენ - თითო. ყველაფერი ეს ისეთი მწყობრია, რომ დიდ ჰარმონიას ქმნის.
ცნობილი, რომ პატრონიკენი ქართული ძეგლებისათვის არასოდეს ყოფილა დამახასიათებელი, მიუხედავად იმისა, რომ მას პირველად უკვე VII საუკუნის ძეგლში ვხედავთ (წრომი), აქედან მოკიდებული, XIV საუკუნის ჩათვლით, მისი გამოყენების მაგალითი თხუთმეტიოდე ტაძარში შეიძლება ვნახოთ. მიუხედავად ამისა, პატრონიკენი სავალდებულო არასოდეს ყოფილა და მისი გამოყენების ერთიან სისტემას ვერსად ვხედავთ. ძეგლების უმრავლესობაში პატრონიკეს თავისი ფუნქცია აკისრია. ბოლოს კი, დეკორად და შეიძლება ითქვას, რუდიმენტად იქცა.
აქვე ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოდ ტაძრის შიდა თაღების ფორმის და პროფილების საკითხს. ტაძრის შიდა კედლებზე, რომლებიც შესალესად და მოსახატავად იყო განკუთვნილი, მინიმუმამდეა დაყვანილი პროფილირება. ასეთებიდან აღსანიშნავია გუმბათქვეშა თაღების იმპოსტები და დასევლეთის მკლავიდან გვერდითი ნავების მიერთებული ღიადი კაპიტელები და იმპოსტები. ყველა ეს დეტალი მარტივია და ეპოქისათვის დამახასიატებელი.
აღსანიშნავია თაღებისა და კამარების მოხაზულობა. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები და ჯვრის მკლავების გადამხურავი კამარები ერთი მოხაზულობის მქონე შეისრული ფორმისაა. ასევე შეისრული მოხაზულობისაა დასავლეთის მკლავის გვერდითი თაღები. ხოლო პატონიკენებისა და ტაძრის სარკმლების თაღები ნახევარწრიულია.
ერთხელ კიდევ გვინდა აღვნიშნოთ ის სრულყოფილება, რომელიც შიდა სივრცის აღქმისას იგრძნობა. ამას დიდად უწყობს ხელს მოზაიკური და ფრესკული მხატვრობის ფერადოვანი გამა.
გელათის ტაძრის გარე მასები, ძირითადი კორპუსის ფარგლებში, მწყობრია და ერთიანი, მაგრამ მას ერთგვარად ამძიმებს გვიანი დროის მინაშენები. მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადს მოუღწევია თავდაპირველი სახით. შესაძლოა ხუროთმოძღვარმა თავიდანვე ჩაიფიქრა, რომ მთავარი და საზეიმო მხარე აღმოსავლეთისა ყოფილიყო. მართალია ამ ფასადზე ყველაფერი კონტრასტებზეა აგებული, მაგრამ მასათა თუ ფორმათა შეხამება კარგადაა შესრულებული. აქ ერთი ელემენტი განსხვავებული პროპორციითა და ფორმით სამჯერ მეორდება. ეს გახლავთ წახნაგოვანი შვერილი აფსიდები, სადაც შუა მაღალი და მორთულია, გვერდითები კი - პატარა და სადა. ამავე ფორმებისათვის მიუბაძავთ მომდევნო პერიოდების მშენებლებს; გვერდით მინაშენების აფსიდებიც წახნაგოვანია.
როდესაც გელათის ტაძარს ირგვლივ უვლით და ათვალიერებთ, კმაყოფილების გრძნობა გეუფლება. ძეგლი მაღალი გემოვნებითაა შესრულებული, თითქმის უზადოა. თუმცა ერთი რამ მაინც ეჭვს იწვევს: ესაა განიერი და მასიური გუმბათის ყელის სიმაღლე. იგი თითქმის დაბალი გეჩვენებათ. კარნიზი ძალიანაა დამჯდარი თაღებზე, მაგრამ არც თვალით მომატებული სიმაღლე უხდება, რადგან ორიგინალურად არ ერწყმის შენობას. მართალია, გუმბათის ყელი თვალს მასიური ეჩვენება, მაგრამ უფრო პატარა მას არც მოუხდებოდა.
ტაძრის ოთხივე ფასადის მორთულობას ერთი ელემენტი განსაზღვრავს, ესაა თაღი. ლილვოვან პილასტერებზე გადაჭიმული თაღები ერთიან რიტმს ქმნის ისე, რომ კონტრასტები შეუმჩნეველია. აქ საუბარია იმაზე, რომ თაღედით დამუშავებულია ფასადების ცენტრალური ნაწილები და ოთხივე მხარეს შიშველი გვერდებია. მიუხედავად ასეთი გადაწყვეტისა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ აქ უწყვეტი თაღედია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ოთხივე ჯვრის მკლავის შემაღლებები გვერდებზე დამუშავებულია დაბალი თაღედით. სწორედ ეს დაბალი თაღედია ფასადების შემაერთებელი, ამიტომაც ტოვებს უწყვეტის შთაბეჭდილებას.
რაც შეეხება ფასადების თაღედით მორთვის საკითხს, იგი ანა თუ იმ ეპოქის დამახასიათებელია, მაგრამ, საერთოდ, სავალდებულო არასოდეს ყოფილა. ყველაზე მეტად უწყვეტი თაღედის სისტემა დამახასიათებელია XI საუკუნის ძეგლებისათვის. დაახლოებით ასეთივე სურათია XII საუკუნის დასასრულამდე. შემდეგ კი მას იშვიათად მიმართავენ. ჩვენს მიერ XI საუკუნეში, ან მომდევნო საუკუნის დიდ მონაკვეთში აღნიშნული უწყვეტი თაღოვანი სისტემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებელი იყო და სტანდარტულად გამოიყენებოდა. პირიქით, ასი წლის მანძილზე კი არა, არამედ საუკუნის სულ მცირე მონაკვეთის ძეგლებშიც ინდივიდუალური ხელწერა ჩანს. თაღედის ერთიანობა განსაკუთრებით ჩანს სამი კათედრალის - სვეტიცხოვლის, ბაგრატისა და ალავერდის ფასადებზე.
XII საუკუნის ძეგლებიდან პირველი გელათის ოსტატია, რომელიც ზედა ხაზის გადაბმით ერთიანობის შთაბეჭდილებას გიქმნით. სინამდვილეში კი ფასადების გვერდითი ნაწილები დაუმუშავებელ სიბრტყეებადაა დატოვებული. მომდევნო პერიოდის ძეგლებზე ეს სისტემა უარყოფილია. მოკლედ ასეთი სურათია ფასადების თაღედით მორთვის საკითხის განხილვისას.
გელათის გუმბათის ყელის ცილინდრული მასა მთლიანად დაფარულია უწყვეტი თაღედით. თაღები ვიწრო და შემართულია. ამით ოსტატმა ნაწილობრივ გაანეიტრალა გუმბათის მასიურობა, უფრო ზეაწეული გახადა იგი. აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ გუმბათზე თექვსმეტი სარკმელია. თაღებსა და კარნიზს ოციოდე სანტიმეტრი აცილებს. ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ თაღედის რელიეფურობის გამო ქვემოდან თითქმის არც კი შეიმჩნევა.
ტაძრის მორთულობის მცირე ელემენტებიდან აღსანიშნავია სარკმლების მოჩარჩოება და კარნიზები. ამ ტაძარს, როგორც დიდი, ისე მცირე ზომის უამრავი სარკმელი აქვს. უკლებლივ ყველგან შეიმჩნევა სარკმლების მოჩარჩოების პროფილთა მრავალფეროვნება. ერთ ძეგლზე ამდენი სხვადასხვანაირი პროფილი სხვაგან არსად არ გვეგულება. მთავარი ისაა, რომ პროფილთა უმრავლესობა ორიგინალურია და ანალოგიები ძნელი მოსაძებნია. როდესაც ათვალიერებთ XI-XIII საუკუნის ძეგლებს, თვალში გეცემათ არა სარკმლების მორთულობის პროფილირებული მოჩარჩოება, არამედ ამ მოჩარჩოებაში მოქცეული ჩუქურთმიანი არშიები. ამ არშიების გვერდებზე გამავალი ლილვები და გრეხილები შემომსაზღვრელებია და არა მორთულობის წამყვანი ელემენტები. ასეთი გადაწყვეტისას. არშიების ზედაპირი შეიძლება იყოს სწორი, ამოზნექილი და გვიან ხანებში ჩაზნექილიც. საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული ტრადიცია იმაზე მეტყველებს, რომ საერთოდ ჩუქურთმიანი არშიები სჭარბობს. ამიტომაც გელათის ტაძარი გამონაკლისად ჩანს. აქედან გამომდინარე, შეიქმნა აზრი, რომ დავით აღმაშენებლის სიკვდილმა ხელი შეუშალა ხუროთმოძღვარს დაემთავრებინა ძეგლი. ეს აზრი შეიძლება მთლად სწორე არ იყოს, მაგრამ არც უსაფუძვლოა.
საქმე ის არის, რომ მთელ რიგ სარკმლებს მხოლოდ ლილვები და სხვადასხვა პროფილი შემოუყვება და ჩუქურთმისათვის ნამდვილად არ რჩება ადგილი. ცხადია, მათი მორთვა ოსტატს ისე სურდა, რა სახითაც დღემდეა მოღწეული.
ზემოაღნიშნული დასკვნა შეეხება სარკმლების უმრავლესობას, გუმბათის ჩათვლით. მაგრამ გვხვდება ისეთებიც, მოჩუქურთმებული რომ უნდა ყოფილიყო; სამხრეთის ცენტრალური, ჩრდილოეთის გვერდითი და დასავლეთის სამივე სარკმელი. შეგვიძლია ამავე ჯგუფს მივაკუთვნოთ საკურთხევლის ცენტრალური სარკმელიც. მართალია, აქ არშია შედარებით ვიწროა, მაგრამ მისი დაბალი განლაგების გამო სათანადო მასშტაბის ჩუქურთმას აიტანდა. ამ სარკმელთა ლილვებს შორის მოქცეული საპირეები ისეთი სიგანისაა, რომ ავტორს მათზე ჩუქურთმის ამოჭრა უნდა ჰქონოდა განზრახული. თუ რატომ არ შესრულდა განზრახვა, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ აქ ყველაზე მეტად მისაღებ მიზეზად დავითის უდროო სიკვდილი უნდა მივიჩნიოთ.
ტაძრის კარნიზები ყველა დონეზე მხოლოდ პროფილირებულია, ყოველგვარი ჩუქურთმის გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორი კარნიზებს განსხვავებულ პროფილებს აძლევს. მათი უმრავლესობაც ჩუქურთმის გასამართავად არ გამოდგება, მაგრამ არის ისეთებიც, სადაც ჩუქურთმა თავისუფლად განლაგდება, მაგალითად, აფსიდების კარნიზებზე. XI-XIII საუკუნეების ძეგლებს შეჩვეულ თვალს მაინც ეხამუშება ტაძრის მოურთველობა. აქ გამეფებულ სისადავეს სიცივე გადაჰკრავს. ტაძრის ზოგიერთი სარკმლის პროფილირება თითქოს თავისთავად მოითხოვდა ჩუქურთმას. ამიტომაც რაღაც უკმარისობის გრძნობა გეუფლებათ.
გელათის ტაძრის ეს მხარე შესამჩნევია მხოლოდ ნაგებობის ახლოს დათვალიერების დაროს. საკმარისია ცოტათი მოვშორდეთ კედლებს, რომ ძეგლი მაშინვე სრულყოფილად წარმოგიდგებათ. მისი სიდიდე ყველაფერს ჩრდილავს.
გელათის ავტორმა, მართალია, ტაძრის ფასადები მთლიანად არ მოაჩუქურთმა, მაგრამ საკუთარი ხელწერა მაინც დაგვიტოვა. მან რამდენიმე ადგილას გვიჩვენა, თუ რის შემძლე იყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩუქურთმა, ნაგებობის რომელ ნაწილზედაც არ უნდა იყოს გამოყენებული, ყველგან ეპოქალურია. ასე, რომ გელათის მშენებელი დეტალებშიც ამჟღავნებს სტილის შეგრძნების უნარს და მას არსად არ ღალატობს გემოვნება. მცირე რაოდენობით იყენებს ოსტატი ჩუქურთმას თაღედის პილასტერების ბაზისებზე. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ მთავარი აფსიდის მორთულობის ქვედა ხაზი. ეს ბაზისები საერთო გადაწყვეტით დანარჩენების მსგავსია, მაგრამ ზემოთ, კანელურების მაგვარი დამუშავების მაგიერ, ფოთლოვანი ლენტებია შემოჭდომილი. ჩუქურთმა უფრო მცირედ, ლენტოვანი წნულის სახით, გუმბათის ყელზედაცაა გამოყენებული.
აღმოსავლეთით, მთავარი სარკმლის ქვემოთ, ლილვებიან წრეში ჩასმულია დიდი კოპი, რომლის ზედაპირიც ფოთლოვანი ჩუქურთმითაა დაფარული. კოპის ქვედა არშიაც ორნამენტირებულია.
ერთადერთი ჩუქურთმიანი კომპოზიცია შექმნილია ძეგლის სამხრეთით, სადიაკვნეს სარკმლის ირგვლივ. თავისთავად სარკმელი პატარაა, რაც, ეტყობა, მხატვრული კომპოზიციის შესაქმნელად არქიტექტორს არ აკმაყოფილებდა. მან სარკმლის საპირეს სიმაღლე თითქმის ორჯერ გაზარდა და კომპოზიცია ზემოთკენ მედალიონით დაამთავრა. მათი კავშირი არაა კარგად გადაწყვეტილი, რადგან შემაკავშირებელი ლილვი წვრილია და უსახო. რაც შეეხება მედალიონს და სარკმლის საპირეს, ისინი კარგად არის დაფარული მცენარეული მოტივებით. საერთოდ მცენარეულ ორნამენტებს ანალოგიები ბლომად მოეპოვება XI-XII საუკუნეებში. შედარებით ორიგინალურია მედალიონი, რომელზეც შემოყოლებული წერტილოვანი ჩარჩო დიაგონალურ მარყუჟებს აკეთებს. თვით მედალიონი ექვს თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. თითოეულ სამკუთხა მონაკვეთს გრეხილი შემოუყვება და ცენტრს ფარავს გარედან გადმოკეცილი ფოთოლი.
როგორც ვნახეთ გელათის ტაძარი ყველა მონაცემით თავისი ეპოქის საუკეთესო ნაწარმოებია.
ტაძრის მინაშენები მისი თანადროული არაა, არც მისი ორგანული ნაწილია. თუმცა ასეული წლების მანძილზე შეესისხლხორცა ტაძარს. მინაშენი გელათს სამი მხრიდან აკრავს. თვალის ერთი გადავლებით დარწმუნდებით, თუ რა რთულ ორგანიზმთან გვაქვს საქმე. ძნელდება მრავალი ქრონოლოგიური ფენის გამიჯვნა. თანაც, ისიც უნდა დავძინოთ, რომ ტაძრის ავტორის ჩანაფიქრი მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს მინაშენთა ინტერიერის შესწავლისას. მინაშენთა განხილვისას ხაზი უნდა გაუსვათ იმ გარემოებას, რომ მთავარი ტაძრის გვერდითი და დასავლეთის ფასადები დაპროექტებისას პრინციპულად განსხვავებულად ყოფილა გააზრებული. საქმე ისაა, რომ ტაძრის გვერდის ფასადების მორთულობის მთავარი მოტივია ლილვოვანი პილასტერებზე გადასული თაღები. თაღოვანი სისტემა არქიტექტორმა ისე დააპროექტა, რომ ფასადის მთელ სიგრძეზე, ცოკოლიდან კარნიზამდე, ერთნაირად წაკითხულიყო. დასავლეთის ფასადზე კი ავტორს ორსართულიანი სტოა ჰქონია დაგეგმილი, ამიტომაც თაღების პილასტერები, ზემოთა სარკმლის დონეზე წყდება. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ავტორს არ სურდა გვერდის ფასადზე რაიმე ახალი ელემენტის შეტანა. მაგრამ აქ კიდევ არის ეჭვის აღმძვრელი რამდენიმე დეტალი. ესაა კრონშტეინი თაღის საწყისი ქვით, რომელიც ჩართულია ტაძრის კედელში სამხრეთის მინაშენის დასავლეთის სათავსის არეში. სხვა საეჭვო აქ არაფერია. სამწუხაროდ, ამ ერთი კრონშტეინით ბევრი რამის მტკიცება არ შეიძლება. აქ მხოლოდ შემდეგი ვარაუდი შეიძლება დაუშვათ: არქიტექტორს სურდა აღნიშნული კრონშტეინის გამოყენებით ფასადისათვის მიედგა მსუბუქი კომპოზიციის თაღედი, მაგრამ ნაგებობის დამთავრების შემდეგ აღარ განახორციელა, გადაიფიქრა. გამორიცხული არაა ისიც, რომ ამ კომპოზიციის აგებას დამკვეთის - დავით აღმაშენებლის სიკვდილმა მოუსწრო და ახალმა დამკვეთმა კი მისი აგება აღარ ისურვა.
ასეთივე შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე ჩრდილოეთ მხარესაც. აქ კარის გვერდებზე აყოლებული პილასტერების კაპიტალებიდან იწყება თაღები. ცხადია, ეს თაღები ტაძრის კედლის მშენებლობის დროსვეა ჩართული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ისინი დასრულებულია თუ არა, ე.ი. ააგო თუ არა ტაძრის ავტორის ჩანაფიქრი კომპოზიცია. ჩანაფიქრი აუცილებლად ყოველი მხრიდან ღია, მსუბუქ კომპოზიციას გულისხმობდა, რადგან, სხვაზე რომ არაფერ ვთქვათ, ტაძრის გვერდით მონაკვეთებში მდებარე ორ-ორი სარკმლის დატანება სრულიად არალოგიკური იქნებოდა.
უერო რთულია დასავლეთის მხარის მინაშენის თავდაპირველი სახის დადგენა. ტაძრის ინტერიერი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთის მხარე ორსართულიანი იყო. ინტერიერის აღწერაშიც აღვნიშნეთ, რომ ტაძრის გვერდითი ნავები ორსართულიანია. ზედა სართულში პატრონიკეა მოწყობილი. ამ პატრონიკედან თითო კარი გარეთ გადიოდა, იმავე დონეზეა მესამე კარი, რომელიც პატრონიკეების შემაერთებელ შვერილზე გამოდის, დასავლეთის ჯვრის მკლავის არეში. ტაძრის ქვედა ნაწილში, ჯვრის მკლავის არეში მოთავსებული, დასავლეთით გამავალი სამი კარი თუ გვერდიგვერდ არის, ზედა სართულზე სამ კარს მთელი ფრონტი უკავია. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ სტოას ზედა სართულს მოკავებული ჰქონდეს ფასადის მთელი სიგანე.
ყოველივე, რაც ზევით აღვნიშნეთ, დარჩენილი დეტალებიდან, მხოლოდ ლოგიკური დასკვნებია. ამჟამად დასავლეთის ფასადის სიგრძეზე ერთსართულიანი მინაშენია. ცხადია, იგი პროექტის სრულიად საწინააღმდეგოა. თუ ტაძრის ინტრიერის გადაწყვეტა დასავლეთით ორსართულიანი მინაშენს გვიკარნახებს, ფასადზე არსებული ორი დეტალიც იმასვე გვიდასტურებს. ერთი ჩვენ უკვე აღვნიშნეთ - ესაა ფასადის პილასტერების მაღლა შეჩერება, მეორე კი - სამმაგი კარების გვერდითი თაღების დონეზე თითო კრონშტეინის არსებობა.
როგორც ვხედავთ, თვით ტაძრის დასავლეთის კედლის ყოველი დეტალი აქეთ მხარეს ორი სართულის არსებობაზე მიუთითებს. მაგრამ სართულების (განსაკუთრებით ზედას) სიმაღლე გადახურვის კონსტრუქციის წარმოდგენას აძნელებს. ერთადერთ ვარიანტად მიგვაჩნია სართულების ჯვრული კამარებით გადახურვა, მაგრამ აქვე უნდა დავძინოთ, რომ ამ შემთხვევაში სტოას სიგანე ხუთ მეტრზე მეტი კი არ უნდა ყოფილიყო, როგორც გვიანდელ მინაშენშია, არამედ სამ მეტრამდე.
გუმბათოვანი ტაძრისათვის დასავლეთით ორსართულიანი მინაშენის არსებობა, საქართველოს სინამდვილეში, დადასტურებულია უკვე VII საუკუნიდან.
დასავლეთით მდებარე სტოას, ტაძრის ფასადის მთელი სიგანე აქვს მოკავებული. მის სიდა სივრცეს კამაროვანი გადახურვა ქმნის. მას სამი კარი აქვს - თითო სამივე მხრიდან, მათში მთავარს დასავლეთის მაღალი და განიერი კარი წარმოადგენს. განათებისათვის კი ორი სარკმელია მოთავსებული დასავლეთის განაპირა არეებში.
ფასადები მარტივადაა მორთული: მხოლოდ კარ-ფანჯრებია გაფორმებული. კერძოდ, კარი შემოფარგლულია ლილვოვან პილასტერებზე დაყრდნობილი თაღით. ბაზისები და კაპიტელები რთულადაა დამუშავებული. გვერდით სარკმლებს ლილვებს შორის მდებარე არშიები შემოუყვება. არშიები აქაც გლუვია, უორნამენტო. ისე, როგორც ტაძარზე, სარკმლების ლილვები კარნიზს ებჯინება, დარჩენილი გვერდითა სამკუთხა არეებიც ლილვოვანი დამუშავებითაა ამოვსებული. ამის გამო სარკმელს ფაქტობრივად სწორკუთხა მოჩარჩოება აქვს. ასეთ გადაწყვეტას ანალოგია არ მოეპოვება. იგი მშენებლის ორიგინალურობას უნდა მიეწეროს, ხოლო რაც შეეხება სტოას სამხრეთის კარს, იგი მარტივი ლილვითაა შემოფარგლული. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ სტოას ფასადები, განსაკუთრებით სარკმლებისა და კარის თაღებზე დამჯდარი, საკმაოდ ულაზათოდ გამოიყურება. თუნდაც ამიტომ არ შეიძლება იგი ტაძრის არქიტექტორს მიეკუთვნოს. ხოლო რაც შეეხება სტოას კარის მორთულობის მცირე მსგავსებას ტაძრის პორტალების მორთულობასთან, შესაძლებელია, ქრონოლოგიური ნათესაობიდან გამომდინარეობდეს. უკეთ რომ ვთქვათ, სტოა უშუალოდ ტაძრის მომდევნო პერიოდშია აგებული. ჩანს, სტოა დემეტრე მეფის დროის მშენებლობას მიეკუთვნება.
ამ სტოას აგების მომდევნო პერიოდში ან უშუალოდ იმავე ხანებში უნდა იყოს წარმოშობილი სამხრეთის მინაშენი. აქ ერთ სიგრძეზე განლაგებულ სამ სათავსთან გვაქვს საქმე. ცენტრალური მონაკვეთი კარიბჭის როლს ასრულებს, აღმოსავლეთით ეგვტერია, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი, შესაძლოა ასევე ეგვტერი იყოს. აღმოსავლეთით მდებარე ეგვტერი აფსიდით მთავრდება. კამარით გადახურული კვადრატული გეგმის დარბაზს აღმოსავლეთით ერთი, სამხრეთით კი ორი სარკმელი აქვს. მინაშენის დასავლეთის სათავსის დასავლეთის ნახევარი გადაკეთების ნიშნებს ატარებს როგორც შიგნით, ისე გარეთ. იგი ნათდება სამხრეთიდან და დასავლეთიდან, თითო სარკმლით. გადახურვა კამაროვანია და ერთი ნიშია დასავლეთით. რაც შეეხება მინაშენის ცენტრალურ ნაწილს, იგი პარადულადაა გადაწყვეტილი. კვადრატის ოთხივე მხარე მაღალი თაღებითაა დამუშავებული, ხოლო ცენტრს აგვირგვინებს თექვსმეტსხივიანი სფერული კამარა. ამათ გარდა, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების ბოლოები მაღალი და წვრილი ნიშებითაა დამშვენებული კარიბჭისა და ეგვტერის კედლები კარგად თლილი კვადრატებითაა შემოსილი.
გელათის მინაშენების ფასადებიდან გამოირჩევა სამხრეთისა, მაგრამ ისიც არა მთლიანად. მაგალითად, მისი დასავლეთის მონაკვეთი მხატვრულობის პრეტენზიას ვერ განაცხადებს. ფასადის დანარჩენი ნაწილს საზეიმო იერი აქვს. განსაკუთრებით კარგადაა დამუშავებული უშუალოდ კარიბჭისა და ეგვტერის ფასადები.
კარიბჭე მაღალი და განიერი თაღით ყოფილა გახსნილი (ეს შესასვლელი გვიან დაუვიწროვებიათ და უსახო მორთულობის კარ-სარკმლები დაუტანებიათ). მისი ფასადი მორთულია ლილვოვანი თაღებით. ერთი თაღი განიერ შესასვლელს შემოუყვება, ხოლო თითო-თითო - გვერდის ვიწრო სიბრტყეებზეა განლაგებული. თაღები ეყრდნობა ლილვოვან პილასტერებს, რომელთა ბაზისები და კაპიტელები რთული პროფილის ჩუქურთმითაა დამუშავებული. იგივე პრინციპითაა მორთული ეგვტერის ფასადიც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ მოთავსებული სამივე თაღი ტოლია. მარცხენა ორ თაღში მოთავსებული სარკმლები პროპორციით შეესაბამება ამ ადგილს, მაგრამ მათი შედარებით დაბლა მოთავსება ვერ ტოვებს დამაკმაყოფილებელ შთაბეჭდილებას.
ეგვტერის აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, ზოგადად, დანარჩენის მსგავსია, მაგრამ ორიგინალურია. შვერილი ფასადი არატოლ ექვს წახნაგადაა დაყოფილი, ამათგან ცენტრალური, პილასტერებზე დაყრდნობილი ოთხი თაღითაა დამუშავებული, ხოლო განაპირა წახნაგებზე კი მხოლოდ ბოლოაგრეხილი თაღებია. ამ თაღების კარნიზიც ზედ ეყრდნობა და ისედაც დაბალ პროპორციებს მთლად ადაბლებს. მხატვრული დაუკმაყოფილების გრძნობას ისიც აძლიერებს, რომ წიბოებზე გამავალი ლილვები თითოა და არ ეხამება ბაზისებსა და კაპიტელებს.
განსახილველი დაგვრჩა ჩრდილოეთის მინაშენი. როგორც აღვნიშნეთ, ეს მხარე ყველაზე რთული ნაწილია იმ დიდი ორგანიზმისა. იგი არ შედის არქიტექტორის თავდაპირველ ჩანაფიქრში. აქაა, სულ მცირე, ოთხი პერიოდის სამშენებლო ფენა.
შედარებით ადრინდელია ეგვტერიანი კარიბჭე. ეს ნაგებობები საერთო გადაწყვეტით თუ სამხრეთის ანალოგიურია, დეტალებში რადიკალურად განსხვავდება მისგან. ხარისხითაც ჩამოუვარდება აღნიშნულს, ამიტომ მათ შორის ქრონოლოგიური განსხვავებაც შესამჩნევი უნდა იყოს. კარიბჭე კვადრატული სათავსია. გადახურულია დეფორმირებული ზედაპირის მქონე ცილინდრული კამარით. განიერი შესასვლელი აქაც გვიან ამოუშენებიათ. აღმოსავლეთით მდებარე ეგვტერის კარიბჭე კარით უერთდება. ეგვტერი მცირე ზომის სამლოცველოა, კამაროვანი დარბაზით და ნახევარწრიული აფსიდით. აქ ორი სარკმელია - ერთი აღმოსავლეთით, მეორე ჩრდილოეთით; ორივე სათავსოში ჩანს ტაძრის კედლის თავდაპირველი ლილვოვანი პილასტერების ნაწილები.
ამ მინაშენის ფასადები მარტივია, თითქმის უდეკორო, კარიბჭე დანარჩენზე მაღალია, შუაში ფართო და მაღალი თაღი აქვს. მთელი მასა კი ორფერდა სახურავით მთავრდება. მინაშენის კარნიზი მარტივი პროფილისაა. ეგვტერის ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის სარკმლები მორთულია. ეს მორთულობა შედგება გლუვზედაპირიანი ლილვებისა და არშიებისაგან. შვერილი აფსიდი აქაც წახნაგებადაა დაყოფილი, მაგრამ სამხრეთის მსგავსად თაღედიან სისტემით არ არის დამუშავებული. დაბალი და განიერი აფსიდი ნაგებობას პროპორციულობას უკარგავს. როგორც ვხედავთ, კარიბჭესა და ეგვტერს არა აქვთ ისეთი მკვეთრად გამოყვანილი ფორმები, რომ მათი აგების თარიღის მოქცევა ვიწრო ჩარჩოებში შეიძლებოდეს. საერთო მონაცემებით კი ეს ნაგებობები მთავარ ტაძარზე ასიოდე წლით გვიან უნდა იყოს აგებული.
მეორე ეგვტერი კარიბჭისათვის დასავლეთით მიუდგამთ. იგი პირველზე უფრო დიდია და უკეთესი პროპორციები აქვს შიგნითაც და გარეთაც. ეგვტერის აფსიდი განსაკუთრებული ფორმისაა, ადგილთან შეხამების გამო. მისი ცენტრი განიერ თაღოვან ნიშს უკავია. ამით ოსტატმა ფართობი მოიგო, რადგან აქ თხელი კედლის აგება კონსტრუქციულად საჭირო არ იყო. მარჯვენა სწორკუთხა ნიში კი ჩვეულებრივია. აფსიდი გამოყოფილია თაღოვანი კანკელით. აღმოსავლეთით სარკმლის გაჭრა არ შეიძლებოდა, ამიტომ სინათლის ერთი წყარო აფსიდის გვერდზეა. მეორე - ჩრდილო კედელშია, ჩვეულებრივ ადგილას. დარბაზი გადახურულია ორსაფეხურიანი, შესამჩნევად ისრული მოხაზულობის კამარით, რომელიც ჩრდილოეთით კედლის სიბრტყიდანვე იწყება, სამხრეთით კი ორ თაღს ეყრდნობა. დასავლეთით მთელი კედელი შემორკალულია ნახევარწრიული მოხაზულობის თაღით. კარს ამთავრებს ტიმპანი.
ეგვტერს თავდაპირველად ჩრდილოეთით და დასავლეთით ჰქონდა ფასადები და იგი მთლიანად დამუშავებული იყო უწყვეტი თაღოვანი სისტემით. დასავლეთის კუთხეში შემდეგში გაჩენილმა კარიბჭემ ერთი ფასადი დაფარა. ჩრდილოეთ ფასადზე დარჩა ოთხნახევარი თაღი. ოთხი სრული თაღიდან აღმოსავლეთიდან პირველი და მესამე გავსებულია სარკმლების ლილვოვანი მოჩარჩოებით. რთული დამუშავებულია თაღების ლილვოვანი პილასტერების მხოლოდ თავები. კაპიტალებისა და ბაზისების კვადრატები ბრტყლადაა დატოვებული, რასაც ამ ძეგლზე ხშირად ვხედავთ.
მომდევნო პერიოდში ჩრდილო-დასავლეთის კუთხეზე ახალი კარიბჭე მიუშენებიათ. იგი ორივე მხარეს განიერი თაღითაა გახსნილი. ამათში ჩრდილოეთისა უფრო მაღალი და სასიამოვნო პროპორციისაა. თაღების სიმაღლეს ამ შემთხვევაში განსაზღვრავდა კამარის კონსტრუქცია შიგნიდან. თაღების პროპორციებზე გარედან ერთგვარად მოქმედებს კარნიზების მდგომარეობაც. კერძოდ, დასავლეთის თაღის სიდაბლის შთაბეჭდილებას უფრო აძლიერებს ჰორიზონტალური კარნიზი, ხოლო ჩრდილოეთის თაღის სიმაღლეს - ორფერდა კარნიზი.
ამ ღია კარიბჭისათვის კიდევ ერთხელ უცვლიათ სახე. ამჯერად დასავლეთის თაღი მთლიანად ამოუშენებიათ და მხოლოდ ოთკუთხა სარკმელი დაუტანებიათ, ჩრდილოეთით კი პარადულად გადაუწყვეტიათ. სწორკუთხა კარს ფართო თაღოვანი არშია შემოუყვება. გვერდებზე კი მდიდრულად მორთული პილასტერებია. აქ მიღებულ კომპოზიციას უშუალო ანალოგი არ გააჩნია, მაგრამ საერთო გადაწყვეტით იგი იმავე ეპოქაში პოვებს პარალელებს. დათარიღებისათვის ორნამენტების თავისებურებები დაგვეხმარება. აქედან აღსანიშნავია პორტალის არშიის მოტივი. იგი XI-XIII საუკუნეებში ძალიანაა გავრცელებული, მაგრამ შესრულების მანერა მისი გავრცელების ბოლო საფეხურზე მიუთითებს, მაგრამ არც ისეთი მშრალი და უსიცოცხლოა, როგორსაც ამავე საუკუნის მიწურულში ვხედავთ. აქედან გამომდინარე, მისი წარმოშობა სადღაც XI-XIII საუკუნეების შუა მონაკვეთზე მოდის.

წმ. გიორგის ეკლესია:
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XIV საუკუნის დასაწყისში აგებული წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის გეგმა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა - მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია. დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსს ევდემონ ჩხეტიძეს (XVI ს.) იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე, მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს. ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.

წმ. ნიკოლოზის ეკლესია:
მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა. შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის - შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით. სამრეკლო.

სამრეკლო:
გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი - შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.

დავით აღმაშენებლის საფლავი:
მთავარი ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი გრძელი ნაგებობაა, რომელიც წინათ ტაძრის შესასვლელს წარმოადგენდა. ტაძრის შესასვლელის ზღურბლზე მეფის ანდერძის თანახმად დაკრძალულია დავით აღმაშენებელი. საფლავს ქვაზე ვკითხულობთ: ,,ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე. რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე“. მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონია რკინის კარი. იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი 1138-1139 წლებში ლაშქრობის დროს და გელათის მონასტრისათვის უბოძებია. შემორჩენილია არაბული წარწერა, რომელიც აღნიშნავს დამზადების თარიღს (1063წ.)

აკადემიის შენობა:
გელათის აკადემიამ იარსება XVI საუკუნის 20-იან წლებამდე. აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტელზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე - 10. თავის დროზე იგი დახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთანდგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას.
გელათის მონასტრის გალავნის გარეთ, მთის ფერდობზე, სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ისინი ისტორიულად და ფუნქციონალურად უკავშირდებიან გელათის მონასტერს. აქ უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მონასტრის აღმოსავლეთით მაღლობზე მდებარე შენობის ნანგრევები, რომელიც მონასტრის სახელწოდებითაა ცნობილი. მკვლევარები მონასტრის მიდამოებში ვარაუდობენ ქსენონის არსებობას, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა. მონასტრის გალავნის გარშემო არის აგრეთვე საბას საყდარი, ელიას ეკლესია, სენაკები, ქვითკირის ციხის ნანგრევები და სხვა. გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი აღორძინების ეპოქის დიდმნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ქართველი ერის კულტურის საგანძურში.

No comments:

Post a Comment