Thursday, April 7, 2011

ოშკი

ოშკი

ოშკიოშკის ტაძარი, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთი-ერთი ბრწყინვალე ძეგლი, მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოში (დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში), თორთუმის ტბის მახლობლად, ამჟამინდელ სოფელ ჩამლიიამაჯში.
ისტორიული ტაო უძველესი დროიდან ქართული ტომებით იყო დასახლებული. იგი იხსენიება ჯერ კიდევ ძვ. წ. XII-XI საუკუნეების ასურულ და IX-VIII საუკუნეების ურარტულ ლურსმულ წარწერებში. ფეოდალური საქართველოს სამეფოს ეს ძირძველი ქართული მიწა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი პოლიტიკური ერთეულის - სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში იყო. 1639 წელს, ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული საზავო ხელშეკრულებით, სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის შემადგენლობაში შევიდა.
ტაძარზე შემორჩენილი, ქვაზე კვეთილი და საღებავით შესრულებული, მრავალრიცხოვანი ქართული ასომთავრული წარწერით დასტურდება, რომ 963-976 წლებში ოშკში მონასტერყ დაუარსებიათ და ტაძართან ერთად სხვა ნაგებობები აუშენებიათ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლების - დავით მეფისა (958-1001) და მისი ძმის, ბაგრატ ერისთავთა ერისთავის (966) თაოსნობით. ტაძრის მშენებლობას უძღვებოდა ვინმე გრიგოლი, რომელიც სხვა წყაროებით ცნობილი არაა.
საქართველოს ისტორიაში თავისი სამხედრო და დიპლომატიური მოღვაწეობით გამორჩეული პიროვნება, ტაო-კლარჯეთის მეფე დავით III, ბიზანტიის საიმპერატორო კარზე დიდი პატივით იყო მიღებული. მას მინიჭებული ჰქონდა ჯერ მაგისტროსის, შემდეგ კურაპალატის საპატიო ტიტულები. დავითის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეფობის დროს ტაო-კლარჯეთის სახელმწიფოს ტერიტორია მეტად განივრცო და გაძლიერდა. ამ დროს, მისი უშუალო შემწეობით, აიგო მრავალი მონასტერი და ციხესიმაგრე (გარდა ოშკისა, მის დროს დაარსდა ხახულის, ოთხთა ეკლესიისა და პარხლის მონასტრები).
მონასტერი თავის დროზე აერთიანებდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს: იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებულ ტაძარს, სამლოცველოებს, სატრაპეზოს, სკრიპტორიუმს, საცხოვრებელ სენაკებს და სამეურნეო შენობებს.
1036 წელს ტაძარი ნაწილობრივ (აღმოსავლეთ და სამხრეთ აფსიდები) მოუხატავთ ტაოს წარჩინებული სახელმწიფო მოღვაწის, პატრიკიოს ჯოჯიკის დაკვეთით (შემორჩენილია მხატვრობისა და თანმხლები წარწერის ფრაგმენტები).
1022-1025 წლებში ბიზანტიის იმპერატორების ბასილი II-ისა (976-1025) და მისი ძმის კონსტანტინე VIII-ის (1025-1028) ბრძანებით ტაძარი ხელახლა გადაუხურავთ, ხოლო გუმბათი დაუბურავთ მუქწითლად, მწვანედ და მოყავისფროდ მოჭიქული კრამიტით.
ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ყურადღებას იქცევს სარკმლისზედა ქვაზე ამოკვეთილი ოთხსტრიქონიანი წარწერა, რომელშიც დიდებით არიან მოხსენიებული ტაძრის მშენებლობის მოთავეები ბაგრატი და დავითი, მონასტრის პირველი მამასახლისები მიქაელი და იოანე და ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი გრიგოლი. წარწერა 963-966 წლებით თარიღდება. იგი ყველაზე ძველია ტაძრის წარწერებს შორის. წარწერის ქვემოთ, სარკმლის წარბის ორივე მხარეს, ამოკაწრულია წრეებში ჩასმული ბორჯღალი (მარცხნივ) და სოლომონის ვარსკვლავი (მარჯვნივ) - ბაგრატიონთა ერთ-ერთი საგვარეულო ემბლემა, რადგანაც ითვლება, რომ ისინი დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან.
სამხრეთის შესასვლელის კარის ტიმპანზე წითელი საღებავით შესრულებულია 12-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. მასში აღნიშნულია, რომ ეკლესია აგებულია მეფე ადარნასე III კურაპალატის ძეთა, ბაგრატისა და დავითის მიერ, გრიგოლის ზედამდგომლობით. აქვე აღრიცხულია ტაძრის მშენებლობის ყოველწლიური დანახარჯი. კერძოდ, ტაძრის მშენებლობაზე წლის განმავლობაში გაიცემოდა 20000 დრამა კალატოზებისა და მუშების გასამრჯელოდ და ქვიშის მზიდავი ხარების ქირაზე; იხარჯებოდა 5000 ფიალა ღვინო, 50 ლიტრა რკინა, 250 გრივი ხორბალი; მშენებლობაზე მუდმივად მუშაობდა 70 კალატოზი, ხურო და მჭედელი; ამასთანავე, მშენებლობისთვის რიყეზე აკრეფილ ქვას ეზიდებოდა 30 ხარი; როგორც ჩანს სოფელ გრიგოლწმინდის (დღეს მისი ადგილმდებარეობა უცნობია) კარიერიდან, სამშენებლო ქვას ეზიდებოდა 30 ჯორი და იმდენივე ხარი. კიდევ რაღაცას ეზიდებოდა 60 ხარი (თუ რას - არ ჩანს, რადგან წარწერის ტექსტი ამ ადგილას დაზიანებულია და ნაკლული); ამას გარდა, 80 მუშა რაღაც საქმით იყო დაკავებული, სახელდობრ რით, არ ირკვევა, რადგან, ტექსტის ბოლო ნაწილი ნაკლულია. ეს უნიკალური შინაარსის წარწერა, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება არა მარტო ქართულ, არამედ ზოგად ეპიგრაფიკაში, ტაძრის მშენებლობის თანადროულია და 973-976 წლებით თარიღდება.
 ოშკიასევე მისი თანადროულია სინგურით შესრულებული მეორე ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოთავსებულია ტაძრის სამხრეთი შესასვლელის მარცხენა გვერდის ქვის ფილებზე. თავის დროზე იგი 30-ზე მეტსტრიქონიანი იყო. მათგან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ პირველმა 16-მა სტრიქონმა. ეს წარწერაც კტიტორული შინაარსისა ყოფილა და მასში დავით მეფე და ბაგრატ ერისთავთა ერისთავი იხსენიებოდნენ.
XIX საუკუნის II ნახევარში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესიის სამხრეთ მკლავში ჯამე მოაწყო, რომელიც 1983 წელს, ახალი ჯამეს აგების შემდეგ, გააუქმეს. 2003 წელს, ძველი ჯამეს შემორჩენილი კედლის დაშლისას, აღმოჩნდა მასში ჩადგმული, სკულპტურული გამოსახულებებით შემკული ორი შესანიშნავი მემორიალური სტელა (ამჟამად დაცულია არზრუმის მუზეუმში). ერთ მათგანზე (სიმაღლე - 130 სმ) გამოსახულნი არიან: ზემოთ - იოანე ნათლისმცემელი და მის ქვემოთ - ბაგრატ ერისთავთა ერისთავი (წარწერის მიხედვით უკვე გარდაცვლილი), ხოლო მეორეზე (სიმაღლე - 157 სმ): ზემოთ -ნიკოპეის ტიპის ღმრთისმშობელი ყრმით და მის ქვემოთ - დავით კურაპალატი. შტელებზე შემორჩენილი მრავალრიცხოვანი წარწერებიდან, ერთ-ერთში აღნიშნულია ტაძრის მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი - 963 წლის 2 ოქტომბერი, სამშაბათი.
ოშკის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (სიგრძე შიგნით -40.6 მ, სიგანე - 27 მ, სიმაღლე გუმბათის წვერამდე - 34 მ). მისი აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები, როგორც ეს ტრიკონქის ტიპის ნაგებობებისთვისაა დამახასიათებელი, დასრულებულია აფსიდებით, ხოლო დასავლეთის მკლავი სწორკუთხაა. სამივე აფსიდის ორივე მხარეს, ორ სართულად, განთავსებულია ნახევარწრიული აფსიდებით დასრულებული, თითქმის ერთი ზომის და მოყვანილობის კამაროვანი სადგომები.
დასავლეთის მკლავის დასავლეთ კედელთან თავდაპირველად მოწყობილი ყოფილა პატრონიკე. დასავლეთის მკლავს ჩრდილოეთით ეკვრის ორსართულიანი გალერეა, რომლის მეორე სართული ქალების სამყოფელი, ე. წ. საქალებო ყოფილა. მის ქვეშ მდებარეობს აფსიდით დასრულებული კამაროვანი სადგომი. დასავლეთის მკლავის სამხრეთ კედლის გასწვრივ გარედან გაყოლებულია ზიგზაგისებრი სახურავით გადახურული ღია გალერეა-კარიბჭე. მისი შიდა სივრცე ოთხი სვეტით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილოეთის ნაწილი ოთხი კვადრატული, ბრტყელი სეგმენტოვანი გუმბათით გადახურული უბისგან და აფსიდისგან შედგება. სამხრეთის ნაწილი შედარებით ვიწროა და სამხრეთით ოთხი ფართო თაღითაა გახსნილი. ოთხივე სვეტის ზედაპირი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებითა და ფიგურული რელიეფებით. მათ ქართულ ხუროთმოძრღვრებაში ანალოგი არ მოეძებნება.
ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია სხვადასხვა დროის მხატვრობის ფრაგმენტები: მშენებლობის დროინდელია სამხრეთ პასტოფორიუმის კონქში და სამხრეთ-დასავლეთ გუმბათქვეშა ბურჯის ნიშაში გამოსახული "ქრისტეს დიდების" სცენის ნაშთები; 1036 წელს განეკუთვნება საკურთხევლის აფსიდში გამოსახული კომპოზიცია, სადაც წარმოდგენილი ყოფილა აღსაყდრებული ქრისტე მთავარანგელოზებს შორის, ქვემოთ - ღვთისმშობელი ორანტა მოციქულთა შორის და იოანე ნათლისმცემელი, ხოლო სულ ბოლოს - ეკლესიის მამები, წმინდანები და დიაკვნები (მოღწეულია მხოლოდ ფრაგმენტები); ამავე დროისაა სამხრეთ მკლავის აფსიდში წარმოდგენილი "ჯვარცმის" და "ვედრების" დაზიანებული კომპოზიციები. მათ შორისაა სცენები მეფე ბაგრატ IV-ისა (1027-1072) და ბიზანტიელ პრინცესა ელენეს ქორწილი ტაოში მდებარე ბანას ტაძარში; აქვეა მოხატულობის დამკვეთის - ჯოჯიკ პატრიკიოსის ფიგურა. კომპოზიციას ახლდა, ამჟამად ფრაგმენტულად შემორჩენილი, ქართული ასომთავრული წარწერები. სამხრეთ-დასავლეთ გალლერიეს აფსიდში შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ანგელოზის გამოსახულებათა ნაშთები.
ინტერიერში, დასავლეთის ორივე გუმბათქვეშა ბურჯში, ჩართულია მეფისა და წინამძღვრის დასაჯდომი თითო სატახტე ნიში; მათგან დეკორატიულადაა გაფორმებული სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის ნიში, რომლის კონქის ორივე მხარეს მოთავსებულია ოშკის მაშენებელთა - დავითისა და ბაგრატის - რელიეფური ბიუსტები, წითელი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერებით (ისინი თითქმის მთლიანად წაშლილია). თითოეული მათგანის გვერდით, ფონზე, წარწერილია წმინდანის სახელი: დავითის მარჯვენა მხარეს - ღვთისმშობლის, ბაგრატის მხაარეს - წმ. იოანე ნათლისმცემლის. ნიშის ზედა ნაწილში "ქრისტეს დიდების" ფრესკული გამოსახულება ყოფილა, რაც "ვედრების" შემოკლებული ვერსიაა.
გარედან ტაძრის მკლავების კედლები (გარდა დასავლეთისა) მორთულია ყრუ თაღებითა და მათში ჩართული სხვადასხვა ზომის სამკუთხა ნიშებით. ცენტრისკენ მზარდ თაღებში მრავალფეროვანი მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმებია ცხოველთა, ფრინველთა და ცალკეულ სიმბოლოთა გამოსახულებებით.
მორთულობის მხრივ გამოირჩევა სამხრეთის ფასადი: სამხრეთის მკლავის შუა თაღში, სარკმლის ზემოთ, გამოსახულია არწივი, რომელიც ბრჭყალებით ხარს ჩაფრენია. თაღის ზედა არეში, ერთმანეთის გვერდით, ფრონტალურად წარმოდგენილია ორი მთავარანგელოზი შესაბამისი წარწერებით: მარცხნივ - მიქაელი, მარჯვნივ - გაბრიელი.
პასტოფორიუმის სამხრეთ კედელზე წარმოდგენილია ხუთი მონუმენტური ფიგურისგან შედგენილი "ვედრების" კომპოზიცია. თითოეული ფიგურა კირქვის ცალ-ცალკე ბლოკზეა გამოკვეთილი. კომპოზიციის შუაში ქრისტეს ფრონტალური გამოსახულებაა, ზეაღმართული მაკურთხებელი მარჯვენით; მის აღმოსავლეთით ამოკვეთილი ყოფილა ვერტიკალური წარწერა, რომლისგანაც ორი ასო შემორჩა; ქრისტეს მარჯვნივ პატიოსანი თვლებით შემკულ ფეხსადგამზე მდგომი, მაცხოვრისაკენ ვედრების ჟესტით ხელებგაწვდილი ღმრთისმშობლის ფიგურა იყო (განძის მაძიებელთა მიერ, კომპოზიციის ქვემოთ, კედლის გამონგრევის შედეგად, ზემონახსენები ღვთისმშობლისგამოსახულებიანი ქვის ბლოკი ჩამოვარდა. იგი კარგა ხანს მიწაზე ესვენა, ბოლო წლებში კი დაიკარგა); ქრისტეს მარცხნივ წმ. იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებაა. "ვედრების" ჯგუფის ორივე მხარეს, შესაბამისი წარწერებით, წარმოდგენილია კტიტორები: მარცხენა მხარეს - ბაგრატ ერისთავთა ერისთავი, ხოლო მარჯვნივ - მისი ძმა, მეფე დავით III. ორივეს ხელში უჭირავს ეკლესიის მოდელი, აცვია მდიდრულად მორთული სამოსი; ორთავეს ადგას ოთხკუთხა შარავანდი და ძვირფასი ქვებით შემკული გვირგვინი (შემორჩენილია მხოლოდ დავითის გვირგვინის ნაწილი). მთელი კომპოზიციის ფონი ადრე მეწამული ფერით ყოფილა დაფერილი. აღსანიშნავია, რომ "ვედრების" ამგვარი კომპოზიცია, არა მხოლოდ ქართულ, არამედ ქრისტიანულ ხელოვნებაში, პირველად სწორედ აქ, ოშკშია დადასტურებული. კომპოზიციის ზემოთ და გვერდებზე მოთავსებული იყო წითელი საღებავით შესრულებული, კტიტორულ-მემორიალური შინაარსის რამდენიმე ასომთავრული წარწერა.
ტაძრის დასავლეთ ფასადის ღერძზე უხვად შემკული შეწყვილებული სარკმელია. მათი თაღების შეერთების ადგილის ზემოთ გამოსახულია სამსაფეხუროვან სვეტზე მდგომი, ხელებაპყრობილი წმ. სვიმეონ მესვეტის რელიეფური ბიუსტი.
სამხრეთ გალერეის ოთხივე სვეტი მორთულა ჩუქურთმებითა და ფიგურული რელიეფებით. მათ შორის გამოირჩევა დასავლეთ კვადრატის რვაწახნაგა სვეტის (სიმაღლე - 2.7 მ) შემკულობა: სვეტის კაპიტელს წრიულად გარს ევლება ანგელოზების, მთავარანგელოზების, სერაფიმების, ქერუბიმების და ტეტრამორფების რელიეფური სვეტის ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი გვერდების ოდნავ ამოზიდულ ზედაპირებზე სირიელ მკურნალთა წმ. კოზმანისა (ჩრდილოეთით) და წმ. დამიანეს (სამხრეთით) მოზრდილი ნახევარფიგურებია გამოსახული. ორთავეს ახლავს წითელი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერები.
დასავლეთი მკლავის სამხრეთ კედელთან ყოფილა მიწისქვეშა სამნაწილიანი კამაროვანი კრიპტა, რომელიც ამჟამად ქვაღორღითაა ამოვსებული.
ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 60 მეტრზე, შემორჩენილია სატრაპეზოს ნაშთები. მასზე ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან მიდგმულია კვადრატული გეგმის გუმბათოვანი ნაგებობა - მონასტრის სკრიპტორიუმი და ბიბლიოთეკა.
ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, 250 მ-ის დაშორებით, ორი სამლოცველოს ნაშთია. ითვლება, რომ ისინი აგებულია ტაძარზე ცოტა ხნით ადრე.
ოშკის მონასტერი, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი, მწიგნობრობისა და განათლების დიდი კერაც იყო. აქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა არაერთი თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე, მწიგნობარი, ღმრთისმეტყველი, ჰიმნოგრაფი, კალიგრაფი და ხელოვანი. სკრიპტორიუმის კედლებში შექმნილი, გადაწერილი და ნათარგმნია დღემდე მოღწეული არაერთი დიდებული ძეგლი, რომლებიც დაცულია საქართველოსა და ძველ ქართულ სამონასტრო სამწერლობო ცენტრში, ათონის ივერთა მონასტერში (ივირონი, ივერიონი). მათ შორისაა 979-980 წლებში ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწის, დავით კურაპალატის სახელგანთქმული სარდლის, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებლის, ტაოელი დიდებულის თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილი და ამჟამად ათონზე იმავე მონასტერში დაცული ე. წ. ოშკის ბიბლიის ტექსტის სრული ქართული თარგმანი; დავით ოშკელისა და არქიპოს მიერ ეპისკოპოს სტეფანე მტბევარის დაკვეთით 995 წელს გადაწერილი ე. წ. ტბეთის სახარება, რომელიც ამჟამად პეტერბურგში, რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება; საქართველოში, მესტიის მუზეუმში დაცულია 1033 წელს ოშკში გადაწერილი სახარება-ოთხთავი შესანიშნავი სატიტულო ჯვრითა და მახარებელთა მინიატურებით. ოშკის მონასტერში მრავლად იქმნებოდა ხატები, ჯვრები და საეკლესიო ნივთები. მათ შორის ჩვენამდე მოაღწია დავით კურაპალატის მიერ დაკვეთილმა ვერცხლის მოოქროვილმა საწინამძღვრე ჯვარმა. იგი X საუკუნის მიწურულს შეუსრულებია ასათ ოქრომჭედელს (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში).
ოშკის დიდებულმა ტაძარმა უდიდესი როლი შეასრულა ქართული საეკლესიო არქიტექტურის შემდგომ განვითარებაში და ეს ბრწყინვალე, დღესდღეობით დანგრევის პირას მდგარი ძეგლი, გადაუდებელ შველას ითხოვს.
გამოყენებული მასალა:
თამაზ დვალის, ნუგზარ ანდღულაძის, ვალერი სილოგავას "ოშკი" - პირველი გამოცემა ახალი სერიის "ქართული ნივთიერი კულტურის ძეგლები საზღვარგარეთ". 

No comments:

Post a Comment