
იკორთა მდებარეობს ცხინვალის რაიონში, გორიდან ჩრდილოეთით, ოციოდე კილომეტრზე, სოფელ იკორთის მახლობლად. მდინარე მეჯუდაზე გადასვლის შემდეგ აღმართს ვიწრო ხეობაში შევყავართ. აქ, მაღლა, ერთ-ერთ შევაკებაზე, ამაყად დგას მწვანე მთებით დამშვენებული იკორთის ტაძარი.
XII (1172 წ.) საუკუნეში ნაგები მონასტრისათვის განკუთვნილი ეკლესიის ირგვლივ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, წინამძღვრის საცხოვრებელი, ბერების სენაკები, დამხმარე შენობები, გალავანი და მრავალი სხვა. სამწუხაროდ, ამ ნაგებობების კვალიც კი არ ჩანს.
ამჟამად ძეგლის ირგვლივ მხოლოდ გვიანდელი ნაგებობების ნანგრევებია დარჩენილი. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მონასტერი და საერთოდ ეს მხარე, გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. მათ კი ეს პუნქტი სიმაგრედ უქცევიათ. ეკლესიის ირგვლივ გალავანი შემოუვლიათ, რომლის აღმოსავლეთის მხარის კუთხეებში სწორკუთხა კოშკები მდგარა. დასავლეთით, შემაღლებული ადგილი კი მოკავებული ჰქონდა საკმაოდ რთულ ციტადელს. გალავნისაგან არაფერი დარჩენილა, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის 4-5 მეტრის სიმაღლის ნანგრევებიღაა, ციტადელი კი ძლიერაა დაზიანებული.
იკორთის სამონასტროს შექმნაზე, ამ ტაძრის მშენებლობაზე ისტორიულ წყაროებში ცნობები არ შემონახულა. ერთადერთი ცნობა მშენებლობის შესახებ შემოუნახავს თვით ძეგლის კედლებს. სამწუხაროდ, დღემდე ამ წარწერებსაც არ მოუღწევია. მათი ამოკითხვა შეძლეს მხოლოდ XIX საუკუნეში, ისიც ნაწილობრივ.
ეკლესიის კედლებზე რამდენიმე წარწერა ყოფილა, მათგან თარიღის შემცველი - დასავლეთის ფასადის მარჯვენა ნაწილში, კარიბჭის მიდამოებში. ამჟამად ამ წარწერიდან რამდენიმე ასოს გარჩევა ძლივს ხერხდება (პოლიგრაფიულად ეს წარწერა იდენტურია აღმოსავლეთის ფასადის მთავარი წარწერისა). ეს წარწერა მ.ბროსეს უნახავს 1848 წელს, ხოლო რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იგივე წარწერა უნახავს ჟორდანიას. სამწუხაროდ, იგი მხოლოდ წარწერის მიახლოებით გაშიფვრას იძლევა, ასომთავრულის გადმონაწერის კი არა. ორივე გაშიფვრაში თარიღი უცვლელი რჩება, ხოლო ზოგიერთ სახელში განსხვავებაა.
მეორე, ქტიტორთა სახელების შემცველი წარწერა კარგადაა შენახული. იგი მოთავსებულია აღმოსავლეთის ფასადზე მდებარე დეკორატიული ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვეშ. აქ ყველა ქარაგმის გახსნა ძნელია. სავარაუდოდ კი ასე შეიძლება წავიკითხოთ: „ძველო ცხოველო, შეიწყალენ სულითა ერისთავთ-ერისთავი ვარდანი, არსენი, ჭიაბერი(?), ბასილი და თლსგგა“ (თვალისგუგა?). აქ პირველი და მეორე სახელის ამოკითხვა თითქოს ეჭვს არ იწვევს, ხოლო რას უნდა ნიშნავდეს ორ-ორ წერტილებს შუა მოთავსებული „ჭ“, თუ არა ჭიაბერს, ძნელი სათქმელია. წარწერის უკანასკნელი სიტყვაც გაუშიფრავი რჩება.
პირველ წარწერაში ქორონიკონია „ტჟბ“, რაც 1172 წელს უდრის. ეს თარიღი არც ერთ თანამედროვე ხელოვნების ისტორიკოსს უარუყვია. ტაძრის არქიტექტურული მონაცემებიც სწორედ ამ ხანაზე მიუთითებენ. ამდენად, აწ დაკარგულ წარწერაში ორი მკვლევარის მიერ დადასტურებული თარიღი უყოყმანოდ მისაღებია. გასარკვევი რჩება, თუ ვინ არიან მეორე წარწერაში მოხსენიებული პირები, სამწუხაროდ (რადგან წარწერა მთლიანად არ იკითხება და სახელების გაშიფვრა მხოლოდ სავარაუდოა), მათი ვინაობის დადგენაც არ ხერხდება. თითქოს, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, კერძოდ, სახელი ვარდენი. მაგრამ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ პირთა სახელებს შორის, იმ ხანაში, ისიც ქართლის შუაგულში, არც ვარდენი და არც არსენი არ გვხდება. ჭიაბერი კი (თუ ასო „ჭ“-ს გახსნას მივიღებთ ჭიაბერად), მართლაც იმ ხანის მოღვაწეა, გიორგი III -ის (1156-1184 წწ.) აღზრდილი, მისი მეფობის დროს მეჯინიბეთუხუცესი ყოფილა. თამარმა კი მას მანდატურთუხუცესის სახელი უბოძა.
დასავლეთის ფასადზე, კარიბჭის თავზე მოთავსებული ყოფილა ოთხსტრიქონიანი ვრცელი წარწერა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ქვა გამოფიტულა და მხოლოდ ქვედა ორი სტრიქონის მარცხენა ნახევარი შემორჩენილა. აქაც ჩვენ იძულებულნი ვართ, მხოლოდ ბროსეს მონაცემს დავჯერდეთ. წარწერა იკითხება ასე: „ქ. მიადგი ქმნული ელთა შენთა, მეუფეო. რომელმან ბესელიელსა ასწავე სიბრძნით ქმნასა ვერცხლისა და კვალად გაწმენდილსა. არქიპოსს თ თ ბრ (ძანე) გებატაძრისა. მეცა უღირსი პერებელ შემიწყალე“. აქაც ყოველგვარ საშუალებას მოკლებულნი ვართ, შევადაროთ ბროსეს ამოკითხული წარწერა დედანს, მისი მოშლის გამო.
ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ქვეშ კიდევ ერთი წარწერაა, რომელიც ადრე არ ყოფილა გამოცემული. ეს წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით განსხვავდება დანარჩენი წარწერისაგან. თანაც იგი შემთხვევით ადგილზეა, ფანჯრის მომჩარჩოებელ ლილვის ქვედა შვერილზე. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს წარწერა გვიანი უნდა იყოს. წარწერა შეიძლება ასე წავიკითხოთ: „ქრისტე შეიწყალე ეგნატი სულით, ამინ“. აქ ნახსენები პირიც უცნობია ისტორიაში.
ტაძრის შემდგომი ისტორიისათვის საინტერესო ცნობას გვაწვდის „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი: „მაშინ მოშლილიყო დიდი იგი საყდარი იკორთას, მთავარ-ანგელოზისა მიქელესი და იწყეს შენებად“. ტაძრის „მოშლის“ მიზეზს ავტორი არ იტყობინება, ხოლო აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარებია იოანე ქსნის ერისთავს. მატიანეში ზუსტი თარიღი არ არის მითითებული, მაგრამ ეტყობა, რომ ეს მოხდა XIV საუკუნის მეორე ან მესამე ნახევარში. ისტორიკოსის ცნობაში არც ისაა მითითებული, თუ რა და როგორ აღადგინეს, მაგრამ ძეგლის შესწავლისას ჩანს, რომ მაშინდელი შეკეთება არ უნდა ყოფილიყო დიდი მოცულობის.
ეკლესიის დასავლეთის კარიბჭე მოშლილია. პორტალის თავზე მდებარე დიდ ქვაზე ვრცელი წარწერა მოუთავსებიათ. შემდგომში აქ აგებულ კარიბჭეს წარწერა ნაწილობრივ დაუფარავს.
როგორც ბროსე აღნიშნავს, ახალი მშენებლობა მეფე შაჰ-ნავაზის (1658-1675 წწ.) დროს, 1672 წელს დაწყებულა. წარწერის მიხედვით იესე ქსნის ერისთავს საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაუტარებია. როგორც ირკვევა, მისი ხელი ტაძარსაც შეხებია და სამონასტრო ნაგებობებითაც გაუმდიდრებია ანსამბლი. ამ ნაგებობებიდან დღემდე არც ერთს არ მოუღწევია, სამრეკლო 1739 წელს დაუქცევია საერისთავოში შემოსულ მტრის ჯარს. ტაძრის გალავანიც დაქცეულა XVIII საუკუნის ბოლოს. ამის შესახებ მეფე გიორგი XII 1800 წელს წერს თავის ვაჟს იოანესს: „წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ ეკლესიისა მამულებსა არ გვანებებენო... გალავანი დაქცეულა. უბრძანე სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგანაც მათი სალოცავი არის“. თუ არ გაკეთდა ამ ბრძანების შედეგად უცნობია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იკორთა უკანასკნელ საუკუნეებში ქსნის ერისთავთა სიძვალეს წარმოადგენდა. სწორედ იქ არიან დამარხულები ქართველობისათვის თავგანწირულნი ელიზბარ და შალვა ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი. ცნობილია, რომ კახეთის 1659 წლის აჯანყების მეთაურები ორი წლის შემდეგ, წამებით მოკლეს ირანში. საკმაო ხნის გასვლის შემდეგ მათი ნეშტი მალულად გადმოასვენეს და იკორთის ტაძარში დაკრძალეს.

საკურთხეველი შესამჩნევად ღრმაა, ეს გამოწვეულია ბემის სიდიდით. აფსიდის კონქის თაღს და ბემის კამარას აშკარად შეისრული მოხაზულობა აქვს. ნახევარწრიული აფსიდის კედლები თითქმის თანაბრადაა დანაწევრებული სამი სარკმლითა და იმდენივე ნიშით. ზედა ჰორიზონტზე განლაგებული სარკმლებიდან, შუა მოზრდილი, გვერდები კი - შედარებით მომცრო. ნიშებიც იმავე პრინციპითაა გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ნიში მორთულია ლილვოვან პილასტერებზე გადასული თაღით.
საკურთხევლის გვერდით სათავსები საკმაოდ გრძელია და აფსიდებით მთავრდება, ნათდება აღმოსავლეთის მხარეს განლაგებული თითო სარკმლით. ორივე სათავსი ეკლესიის დარბაზს განიერი თაღით უერთდება. გასასვლელების ისრული თაღები მცირედ აქცენტირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. სამკვეთლო ფართო კარით უერთდება საკურთხეველს. მისი აფსიდის ქვედა ნაწილის მთლიანად ამოვსებამ შექმნა განიერი ტრაპეზი. ჩრდილოეთის კედელში ორი ოთხკუთხა ნიშია, მარჯვნივ - ერთი. ნიშები სადიაკვნეშიცაა. თითო თაღოვანი და თითო მცირე ნიში აფსიდში და ჩრდილოეთ კედელშია, სამხრეთ კედელში კი - ერთი მცირე. ამ სათავსებს კამაროვანი გადახურვა აქვს; ჩრდილოეთისას ნახევარწრიული, ხოლო სამხრეთისას - მოისრო.
სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ ეგრეთ წოდებული სამალავებია. ამ მოზრდილი სათავსების უფორმო ხუთგვერდა გეგმის ხაზი გარეთ მოხაზულობას იმეორებს. სამალავებში სარკმლების ფორმის, ზომისა და ადგილის მოძებნისას ხუროთმოძღვარი ეყრდნობა ფასადების დეკორატიულ გადაწყვეტას. ამითაა გამოწვეული ის, რომ გვერდით კედლებში ერთ ჰორიზონტზე განლაგებული პატარა წრიული სარკმლები თითქმის იატაკის დონეზეა, ხოლო აღმოსავლეთის ორ-ორი სარკმლიდან, ქვედა წრიულებია, ზემოთ კი - მცირედ მაღალი. სათავსები გადახურულია აგურით ნაგები დამჯდარი კამარებით. სამხრეთის სათავსიდან ხვდებით კონქზედა სათავსში, იქედან კი პატარა კარით - გუმბათის ძირში. სახურავის ქვეშ მდებარე ეს დაბალი სათავსებიც პატარა წრიული სარკმლებით ნათდება აღმოსავლეთიდან. თვით საიდუმლო ოთახებში მოხვედრა შეიძლება ჯვრის დასავლეთ მკლავში გამავალი თაღოვანი კარებით.
ტაძრის ძირითადი სივრცე ჯვრის ფორმის მოხაზულობაზე აღმართული კედლებით იქმნება. ჯვრის მკლავებიდან აღმოსავლეთისა აფსიდურია, დანარჩენი - სწორკუთხა. ამ უკანასკნელთაგან გვერდითები მოკლე და თანატოლია, ხოლო დასავლეთისა ორჯერ აღემატება მათ. თუ აფსიდს კონქი ამთავრებს, დანარჩენი ჯვრის მკლავები კამარებითაა გადახურული.
ჯვრის დასავლეთის მკლავი გვერდითი ნავებისაგან წყვილი თაღითაა გამოყოფილი. ამათგან ჩრდილოეთისა თავდაპირველი სახითაა მოღწეული, ხოლო სამხრეთისას სვეტი აქვს გამოცლილი. მეორე სართულზე პატრონიკეა მოთავსებული. პატრონიკეს ორი ნაწილი ერთმანეთს ორ-ორი პატარა თაღით უცქერის, თითოეულს აღმოსავლეთისაკენ თითო თაღი აქვს. თაღების სიმცირის გამო სათავსები ბნელია. სამხრეთისას მხოლოდ ერთი პატარა წრიული სარკმელი აქვს დასავლეთით, ხოლო ჩრდილოეთისას, ისეთივე სარკმლის გარდა, კიდევ ორი - გარე კედელში. ქვედა სართულზე ნავები ორ-ორი ჯვრული კამარითაა გადახურული, ზედა სართულზე კი უფორმო ცილინდრული კამარებია გამოყენებული.
ეკლესიის შიდა სივრცის განათებას, გუმბათის თორმეტი სარკმლის გარდა, ემსახურება ჯვრის მკლავებში განლაგებული სარკმლები. ამათგან, როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლეთის კედელში სამი სარკმელი ხაზზეა განლაგებული, გვერდით კედლებში ორ-ორი ქვემო ნაწილშია, ერთ ხაზზე, თითო კი - ზემოთ. დასავლეთის მახარეს მხოლოდ ორი სარკმელია, ერთ ხაზზე.
ტაძრის შიდა კედლები მოსახატავად იყო განკუთვნილი, ამიტომ თლილი ქვა მხოლოდ საპასუხისმგებლო ადგილებშია გამოყენებული. ხოლო კედლების ძირითადი მასა ფლეთილი ქვითაა და აგურითაა ნაგები. კედლები თავის დროზე ფრესკებით ყოფილა დაფარული, მაგრამ დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანებულა, რესტავრირებული ნაწილიც კი ფრაგმენტებადაა მოღწეული.
ტაძრის გარეგან მასებს ცოტა რამ დაუკარგავთ საუკუნეების განმავლობაში, ამიტომ შენახულობის მხრივ ბევრ ძეგლზე უკეთ გამოიყურება. ერთადერთი დასავლეთის კარიბჭეა, რომელსაც დისონანსი შეაქვს საერთო ანსამბლში; მას აშკარად ეტყობა გვიანი წარმოშობა. ქვის მონოლითურ ნაგებობას კი მხოლოდ აქა-იქ დაუკარგავს შემოსვის ქვები, მათ ნაცვლად გამოყენებულია ახალი. ყველაზე მეტად ეს ითქმის შენობის ქვედა ნაწილის კარნიზსა და გუმბათზედა წყობაზე.
იკორთის ტაძრის ოთხივე ფასადის მორთულობის ძირითად ელემენტს თაღოვანი სისტემა წარმოადგენს. თითოეულ მხარეს საერთო ნიშნებთან ერთად ინდივიდუალობაც ახასიათებს.
სხვა ფასადებთან შედარებით აღმოსავლეთისა უკეთაა შემკული. აქ შენობის ზედა მონაკვეთის სამნაწილიანობა თაღებით არ აიხსნება. ფასადზე ორი მოზრდილი ნიშია. თითო თაღით განაპირა არეებია შემოფარგლული, შემდეგ თაღები შემოუყვება ნიშებს და ბოლოს, მათ შუა დარჩენილი ფართობი კარნიზამდე ერთი თაღითაა მოხაზული. ამ მაღალ და დიდ თაღს გვერდებზე კიდევ ჩამოუყვება პატარა თაღები; ისინი, თავისთავად, ნიშების თაღებს ებჯინება. ცენტრალურ ღერძზე განლაგებული დეკორიც თაღოვან სისტემასთანაა დაკავშირებული. ზემოთ ჯვარია, შემდეგ ჩუქურთმიანი დიდი კოპი, ქვემოთ სარკმელი განიერი არშიით, ბოლოს ორი რომბი და ქვემოთ - ცოკოლზე დაყრდნობილი ბაზა. აქ ჩამოთვლილ ჩუქურთმიან ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს ლილვოვანი მოჩარჩოება. იგი საწყისს იღებს მაღალი თაღის ცენტრიდან, ორივე მხრიდან შემოუყვება ყველა აქცენტს და ეშვება ცოკოლზე მდგარ ბაზაზე. ეს ბაზა, დანარჩენი ფასადების თაღედის ბაზების მსგავსად, შეკეთების შედეგია. თავდაპირველი კი არ შემორჩენილა. ამ შემთხვევაში იგულისხმება ბაზის კვადრატული ნაწილი, ხოლო ზედა პროფილირებული ჩრდილოეთით და სამხრეთით რამდენიმე ადგილას გადარჩენილა. კაპიტელები შედარებით უკეთაა შემონახული, ცენტრალურის გარდა. ფასადზე მრავალი სხვა სარკმელიცაა. თითო სარკმელი საკურთხეველს ანათებს. განაპირა თაღებში ორ-ორი სარკმელია, მაგრამ მათი მორთულობა ისეა გადაწყვეტილი, რომ ერთნაირად იკითხება. სადიაკვნე და სამკვეთლოს მოგრძო სარკმლებს განიერი ჩუქურთმიანი არშია შემოუყვება, მათი ლილვოვანი მოჩარჩოება გადადის ფართო ვარდულში, იქიდან გამოსული კი პატარა წრიულ სარკმლებს შემოხაზავს. ეს სამი ელემენტი ერთადაა ასხმული. წრიული და თაღებს ზემოთ მდებარე მოგრძო სარკმლები საიდუმლო ოთახებს ანათებენ. სულ ზემოთ, კარნიზს ქვემოთ და მარცხნივ სამი პატარა, მოურთველი სარკმელია. ეტყობა, მათი გამოყოფა ოსტატს არ სურდა.
შენობის ქვედა კორპუსის დამამთავრებელი კარნიზი თავდაპირველი პროფილითაა აღდგენილი. ჩუქურთმით დაფარული კარნიზიდან მეტად მცირე რაოდენობის ფრაგმენტია შერჩენილი სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ ფრონტონებზე. დასავლეთის ფასადი აღმოსავლეთის მოხაზულობისაა, საზეიმო ჟღერადობის გარეშე. ცხადია, ეს მხარე ადრე უფრო მოხდენილი იქნებოდა, რადგან მასში პატარა, კოპწია კარიბჭე ახლდა; გვიანი კარიბჭე დიდია და არაა პროპორციულად შეხამებული ძირითად მასასთან.

ფასადის ზედა ნაწილში, ერთ ჰორიზონტზე, მდებარეობს ორი მაღალი ლილვოვან პოლასტერებზე გადასული თაღებით შემოფარგლული სარკმელი. მათ განიერი ორნამეტოვანი არშიები შემოუყვება. ფასადზე არის კიდევ ორი სულ პატარა, წრიული სარკმელი (პატრონიკეს ანათებენ). ამათგან მარჯვენა ამოჭრილია მთლიანად ჩუქურთმით დაფარულ დიდ კვადრატულ ქვაში, მარცხენაც ასევე ყოფილა გადაწყვეტილი, მაგრამ პირვანდელი ქვა აქაც დაკარგულია.
ფასადის ერთ მორთულ ნაწილს პორტალი და კარიბჭე წარმოადგენდა. თავდაპირველ კარიბჭეზე, აღარ არსებობის გამო, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ მისი ნაწილი - პორტალი ადგილზეა. მართალია არც პორტალს მოუღწევია დაუზიანებლად, მაგრამ მთავარი მაინც ჩანს. კარს სწორკუთხად შემოუყვება ფართო ორნამენტოვანი არშია, მას ორივე გვერდზე ლილვოვანი პილასტერები ახლავს. პოლასტერებს იმავე კვეთის ლილვოვანი თაღი აკავშირებს ერთმანეთთან. იქვე გვერდებზე, შეწყვილებული პილასტერების სახით, შერჩენილია კარიბჭის ნაწილი. იგი კედლის პირდაპირ მიმართული თაღების საყრდენია. სწორედ ეს ნაშთი, ზოგად ხაზებში, წარმოდგენას გვიქმნის პირვანდელ კარიბჭეზე, იგი სამი მხრიდან თაღებით გახსნილი უნდა ყოფილიყო. მისი კამარა, შესაძლოა, იმ ეპოქის სხვა ძეგლების მსგავსად, სხივისებრად იყო დამუშავებული.
გვიანდელი, სწორკუთხა გეგმის კარიბჭე გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. კარიბჭე დასავლეთით ერთი დიდი თაღითაა გახსნილი, ხოლო გვერდებზე სამ-სამი შეტეხილი თაღი აქვს, რომლებიც შუა ორ სვეტსა და კუთხის პილასტერებს ეყრდნობა. სვეტების წიბოები ლილვებითაა დამუშავებული და გაშლილი კაპიტელებით მთავრდება. კარიბჭე მთლიანად, ტაძრის მსგავსად, თლილი ქვითაა ნაგები.
ეს ახალი კარიბჭე გაცილებით განიერია პირველზე და მისი კედელთან მდებარე სვეტები ღრმა სწორკუთხა ნიშებს ფარავს. ასეთი ნიშები გავრცელებული არაა და ამიტომ მათი დანიშნულება გაურკვეველია.
სამხრეთის ფასადიც ერთი მთლიანი თაღოვანი სისტემითაა შეკრული. მთავარ სიბრტყეს აქაც ჯვრის მკლავის არე წარმოადგენს. ფრონტოს ქვემოთ თაღი ჰორიზონტალურად იშლება და ლილვები ქვემოთ ჩაუყვება წიბოებს. ეს ლილვები თავიანთ სვლას აგრძელებენ ქვედა რიგის თაღებთან შეერთებამდე. ამ რიგზე მარცხნივ და მარჯვნივ ორ-ორი თაღია ერთი სიმაღლის. მაგრამ განსხვავებული ბიჯისაა. მარცხენა მარჯვენაზე უფრო ფართოა. პილასტერებს ზოგან შერჩენია მორთული კაპიტელები, განაპირებიდან აღმოსავლეთისას ნაწილობრივ შერჩენია ლილვიდან გამოსული ყლორტი, ხოლო დასავლეთისა განახლებულია. დასავლეთის მონაკვეთის ორი თაღიდან მცირე ნაწილია დარჩენილი.
ფასადის ცენტრალური ნაწილი მოკავებული აქვს სამი სარკმლის ირგვლივ განლაგებულ მორთულობას. აქ ღერძზე, ზემოთ მდებარეობს ერთი სარკმელი, ხოლო ქვემოთ - ორი. შუა სარკმელი თითქოს კვარცხლბეკზე დგას. ხოლო თვით სარკმელს ორნამენტული არშია შემოუყვება სამ მხარეს და ლილვებითაა შემოფარგლული. ლილვები კი საწყისს იღებენ ფასადის დეკორატიული თაღის ცენტრიდან. ქვედა სარკმლებიც იმავე ფორმითაა შემკობილი, ოღონდ მათ დამოუკიდებელი ლილვები ერტყმის.
კიდევ ორი დეკორატიული აქცენტი უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთით, თაღების ცენტრებში, მაგრამ არ შერჩენილა. საგულისხმოა, რომ ორი წრიული სარკმელი აქაც მოჩუქურთმებული იქნებოდა. სამხრეთის შესასვლელის ირგვლივ ქვები სულ შეცვლილია. უნდა ვიგულისხმოთ, რომ აქაც, დასავლეთის მსგავსად, მდიდრული პორტალი იქნებოდა. კარიბჭის კვალი კი არსად ჩანს.
ჩრდილო ფასადი სამხრეთის მსგავსია, უკეთაა შენახული. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ რთულად დამუშავებული თაღების ბაზისების ზედა ნაწილები. კვადრატული მონაკვეთები აქაც გამოცვლილია. შედარებით კარგადაა მოღწეული წიბოების ყლორტოვანი ლილვები. ხოლო განაპირა თაღებში მოთავსებული ორ-ორი სარკმლის მოჩუქურთმებიდან თითოა დარჩენილი. მარცხენა განაპირა ბაზისს კვადრატული ფორმა ჰქონია, ხოლო მეორეს კი - წრიული. გუმბათის ყელი ცილინდრული ფორმისაა. მის ზედაპირზე განლაგებულია თორმეტი სარკმელი. სარკმლებს ფართო ორნამენტული არშია შემოუყვება და მოჩარჩოებულია უწყვეტი თაღედით. ბაზებიანი და ომპოსტებიანი პილასტერები მრავალფეროვნადაა მორთული. თაღებს შუა ორნამენტოვანი კოპები ყოფილა მოთავსებული. ახლა მხოლოდ რამდენიმე დარჩენილა. გუმბათის ყელის ზედა ნაწილი განახლებულია.
ტაძრის ყველა ნაწილი ლორფინითაა გადახურული. კრამიტით მხოლოდ დასავლეთის კარიბჭეა გადახურული. ტაძრის ოთხივე მხარის კეხზე დგას გვიანი წარმოშობის ეკლესიის მოდელი.
ტაძრის ექსტერიერი, ინტერიერთან შედარებით, ბევრად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს. სამაგიეროდ ინტერიერში არქიტექტორულად, შედარებით ყველაფერი რიგზეა. შიდა ფორმები მწყობრია, ხაზები ჰარმონიულად მისდევს ერთმანეთს. აქ კომპოზიცია ისეა გაანგარიშებული, რომ ყველა დეტალი გუმბათისაკენ მიისწრაფვის. ეს ზეაწეულობა განსაკუთრებით დასავლეთის შესასვლელთან იგრძნობა. მნახველის თვალი უშუალოდ კონქით დამთავრებული აფსიდით სიმრგვალეს მიჰყვება. ამავე მიზანს ემსახურება განათებაც, რადგან მხოლოდ გუმბათის მრავალრიცხოვანი სარკმლიდან დაღვრილი კაშკაშა სინათლის წყალობით ტაძრის ყველაზე მაღალი წერტილი მხატვრული აღქმის საწყისად და ღერძად იქცა.
გუმბათი იკორთაში საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით თავისუფლად მდგარ პილონებს ეყრდნობა. ამ საყრდენის კაპიტელები მარტივია და განსაკუთრებულ ნიშნებს არ შეიცავს, მაგრამ თავისთავადა მოხდენილად ამთავრებს წახნაგოვან სვეტებს. კაპიტელებზე გარდამავალი საბჯენი თაღების ფორმა ოდნავ მოისროა. საკურთხევლის მხარეს აკლია კანკელი, თავის დროზე იგი აუცილებლად იქნებოდა. მართალია ამჟამად აფსიდის ღია მხარე ტაძარს სივრცეს მატებს, მაგრამ პირვანდელი სილუეტი აღარ იგრძნობა. საკურთხევლის გვერდით ნაწილებში იკორთის ავტორს ერთი სიახლე აქვს შეტანილი. სადიაკვნეს და სამკვეთლოს დარბაზის მხარე ღიაა, უკარო და ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია ეს. სადიაკვნე თავისი ფუნქციით დახურულ სათავსს წარმოადგენს, რადგან მასში, მღვდელმსახურთა ტანსაცმლის გარდა, ინახება ტაძრის მთელი ძვირფასეულობა. სამკვეთლოში საიდუმლო რიტუალი სრულდება და თითქოს აქაც საჭიროა კარი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ტაძრებში მიღებული გადაწყვეტა მართებულია, მაგრამ, როგორც ეტყობა, ყველა ამ წესის მაქსიმალური სიმკაცრით დაცვა აუცილებელი არ იყო.
ტაძრის დასავლეთის მონაკვეთი ოსტატს, მართალია, ორიგინალურად გადაუწყვეტია, მაგრამ არქიტექტურულ მიღწევად ვერ ჩაითვლება. მიუხედავად გადაკეთებისა, ეტყობა, რომ გრძელი ორ-ორი თაღით გახსნილი ორსართულიანი გვერდითი ნავების ქვედა ნაწილი უკეთ დაუძლევია. სამხრეთის მხარე დაზიანების შემდეგ უხეში ფორმითაა აღდგენილი, ამიტომ ჩრდილოეთის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. აქ, მართალია, ორი თაღი არაა თანატოლი, მაგრამ დათვალიერების დროს ეს ძნელად შეიმჩნევა. კარგადაა გადაწყვეტილი ნავების გადახურვა. თითოეული მათგანი ორ-ორი ჯვრული კამარითაა დახურული.
ტაძრის შიდა განათება ამ ეპოქის ძეგლებისათვის დამახასიათებელია, ე.ი. თანაბარი არ არის, კონტრასტულია. ცენტრში კონცენტრირებული სინათლე თანდათანობით კლებულობს. ასეთ განათებას ხელს უწყობს ძეგლის გუმბათში და კედლებში განლაგებული სარკმლები. მათი რაოდენობა და განლაგების თავისებურება ეპოქის სტილზე მიგვითითებს. კერძოდ, იკორთის გუმბათის ყელის თორმეტი სარკმელი დამახასიათებელია ეპოქისათვის.

იკორთის მშენებლებს აფსიდში ერთი საინტერესო დეტალი აქვთ შექმნილი. ესაა მორთული ნიში. ნიშები ან სამეურნეო დანიშნულებისაა, ან კულტის მსახურთა ჩამოსაჯდომად განკუთვნილი. ამ უკანასკნელი ფუნქციის მატარებელია იკორთის ნიშებიც. სამი ნიშიდან გვერდითები მარტივია, შუა - მორთული.
იმ ეპოქის სტილისათვის, როდესაც იკორთაა აგებული, დამახასიათებელია ფორმათა თამაში, ცხოველხატულობა და ა.შ. ყოველივე ამას ვხვდებით იკორთის ინტერიერსა და ექსტერიერში, მაგრამ ინტერიერთან დაკავშირებით ერთი მომენტი უნდა აღვნიშნოთ. როგორც ვიცით, იკორთის ხუროთმოძღვარს დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში გაუჭრია კარები. დასავლეთის მხრიდან შემოსული ძირითად ფორმებს შედარებით ადრე აღიქვამს, მაგრამ ძეგლის შიდა სივრცის მთლიანობას მხოლოდ საკურთხეველთან მიახლოებისას ჩასწვდება. სამხრეთის მხრიდან კი მოულოდნელობებითა და კონტრასტულობით აღსავსე გზაა. შესასვლელი ჯერ ნახევრად ბნელ მონაკვეთში ხვდება, მის პირდაპირ თაღებია, მანძილი - მოკლე და უპერსპექტივო. სამიოდე ნაბიჯის შემდეგ, მარცხნივ, ისევ ჩაკეტილი არეა, მარჯვნივ კი სივრცე იშლება. ცხადია ეს მხარე უფრო მიმზიდველია, დინჯად მიმავალი დამთვალიერებელი თანდათანობით აღიქვამს ფორმებს, სწვდება კომპოზიციურ გადაწყვეტას. სწორედ ესაა ხუროთმოძღვრის მიზანიც.
ტაძრის გარე მასები მწყობრია და კოხტა. ფასადების საერთო მდგომარეობა, მიუხედავად დაზიანებისა, დამაკმაყოფილებელია. ყველაზე უკეთ შემონახულია აღმოსავლეთის ფასადი. აქ, სხვა ფასადების მსგავსად, მორთულობის მთავარი ელემენტი დეკორატიული თაღოვანი სისტემაა. კარგად თლილი კვადრატებისგან ნაგებ კედლის ზედაპირზე შეწყვილებული ლილვების დაუსრულებელი ცოცხალი თამაშია. არქიტექტორმა კარნიზის ქვემო არეში ფასადების დასაკავშირებლად შექმნა მორთულობის ერთი განსაკუთრებული კვანძი. თაღედიდან ამოსული ლილვები კარნიზის ქვემოთ იზრდება და თითქოს ნისკარტებით ერთდება. სწორედ მოხრის ადგილებს ლამაზად აქოჩრილი ყლორტები ამშვენებს.
იკორთის აღმოსავლეთის ფასადის მორთვას უფრო პარადული სახე აქვს, ვიდრე დანარჩენს და ეს გასაგებიცაა, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ასე იქცევიან ქართველი ოსტატები. მზერას იტაცებს გვერდებიდან ცენტრისაკენ ჰარმონიულად აღმავალი თაღედის ხაზები. ასეთი გადაწყვეტის გამო ფასადი უფრო მაღალი გვეჩვენება. სინამდვილეში კი როგორც ამ ფასადს, ისე დანარჩენებსაც დამჯდარი პროპორციები აქვს. აღმოსავლეთის ფასადზე მორთულობის აქცენტი ცენტრალურ ღერძზეა გადატანილი. აქ ყველაფერი დაკავშირებულია მაღალ სარკმელთან, მაგრამ ამას მხოლოდ დაკვირვების შედეგად მიხვდებით. ფაქტობრივად ჯვარი, სარკმელი და რომბები ერთმანეთიდან გამომდინარეა. მაღლა მოთავსებული ჯვარი იმპონზანტურად გამოიყურება. მის კუთხოვან ფორმას შემოსაზღვრავს თაღიდან გამოყვანილი ლილვების შტოები. ეს ლილვები ორი მხრიდან შემოწერს ჯვრის ორნამენტოვან არშიას, შემდეგ შემოუვლის რელიეფურ კოპს და ასე ჩაუყვება სარკმელს თუ რომბებს.
ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის ნიშებს თაღებზე განლაგებული ფესტონები ამკობს. თითოეული ფესტონი თაღიდან გამომავალი სამყურაა. კედლის ზედაპირზე კი ჩუქურთმა და კოპებია განლაგებული. ასეთი მორთულობა ფასადს და კერძოდ ნიშებს, ჰაეროვნებას ანიჭებს. იგი მეტად ფაქიზი ელემენტია. ამ ფესტონებს სინაზესა და აჟურულობას მატებს ფონი. ამ ფონს ნიშების გადამხურავი კონუსური ზედაპირის სხივისებრი დამუშავება ქმნის. საქმე ისაა, რომ კონუსის ძირი წრისებრაა მოხაზული და სხივები იქიდან გამოდის. ისეთი სურათი იქმნება, როგორც ამას ვხედავთ მზის დისკოდან გამოსხივების ასახვისას.
იკორთის ოსტატი მორთულობის ახალი და ორიგინალური ფორმების გამოგონებაში ტოლს სხვებს არ უდებს. მაგალითად, ისეთი კომპოზიცია, როგორც აღმოსავლეთის ფასადის გვერდის მონაკვეთზეა, სხვაგან არსად გვხდება. აქ ოსტატი სამ-სამ ელემენტს აერთებს ერთმანეთთან. ოსტატს ეს კომპოზიცია ორი სარკმლის დაკავშირებით თავისთავადა კი არ მიუღია, არამედ თვით სარკმლების განლაგება დაუკავშირა მხატვრულ ეფექტებს. როგორც ეტყობა, ფასადის ესკიზებზე მუშაობისას ავტორმა დაახლოებით ასეთი კომპოზიცია მოხაზა, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო ზედა და ქვედა სარკმლის დაახლოება. ქვედა სარკმლის აწევა არ შეიძლებოდა და არც იყო მიზანშეწონილი, ხოლო ჩამოწევა იყო ადვილი. ქვედა რიგი უკავია ლილვებით მოჩარჩოებულ მაღალ სარკმელს. მეორე რიგზე, იმავე ელემენტის წრეში ჩუქურთმიანი კოპია მოქცეული. წრეების გარე ლილვები დიაგონალზე მარყუჟებს აკეთებენ. კომპოზიციის ამ ადგილებში მცირე ნიუანსია შეტანილი: მარჯვენა კომპოზიციაში პატარა წრიული მარყუჟებია გაკეთებული, მარცხენაზე კი - მარყუჟები წვეტიანებია, შუაში მცირე კოპებით. ეს უკანასკნელი უფრო ცოცხალ სურათს იძლევა. დეკორის მესამე ელემენტი წრიულ სარკმლებს შემოფარგლავს. მარჯვენა სარკმელს არშია და მოჩარჩოებაც კონცენტრულად შემოუყვება, ხოლო მარცხენას - დამატებითი ჩარჩოც აქვს, კვადრატული ფორმის.
აღმოსავლეთის ფასადზე კიდევ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ესაა ოსტატის მიერ შექმნილი პოლიქრომია. ფასადები თავდაპირველად ქვიშაქვით ყოფილა შემოსილი, სადაც სხვადასხვა ტონის ქვებია გამოყენებული. ამის გარდა ჩუქურთმიანი კოპები ცისფერი ქვისაა. ყველაფერი ეს ოდნავ შესამჩნევ, სასიამოვნო მრავალფეროვნებას ქმნის.
იკორთის დასავლეთის ფასადი იმდენად არ არის დაზიანებული, რამდენადაც შემდგომში კარიბჭეს დაუმძიმებია. ეს კარიბჭე თავისი ზომებით და ფორმებით სრულიად შეუფერებელია ამ ფასადისათვის. არაა ცნობილი თავდაპირველი კარიბჭის ფორმები, მაგრამ კედელზე დარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით გაბარიტების დადგენა შესაძლებელია. იგი პატარა და მოხდენილი უნდა ყოფილიყო. კარიბჭე მხოლოდ გასასვლელის არეს შემოფარგლავდა და თავისი მცირე მასშტაბების გამო ფასადის მორთულობას არ ფარავდა. პირიქით, მისი არსებობით იყო ნაკარნახევი ფასადის თაღედის ფორმა.
აღმოსავლეთის ფასადთან შედარებით ეს ფასადი ფორმითაც და მორთულობითაც მარტივია. დეკორი მთლიანად ერთ სიბრტყეზეა განლაგებული, სადაც გამოიყოფა სარკმლები და შესასვლელი. თაღები მთელ ფასადს სამ მონაკვეთად ყოფენ. გვერდითი მონაკვეთები პატარებია, შუა კი მაღალი და განიერი. ამჟამად ასეთი შეთანხმება მაინცდამაინც ვერ აკმაყოფილებს გემოვნებას, მაგრამ თავის დროზე, ალბათ, შუაში მიდგმული კარიბჭის მასა ფასადს აწონასწორებდა.
იკორთის დასავლეთის ფასადს, დანარჩენი ფასადებისაგან განსხვავებით, ერთი დეტალი ახლავს. შუა თაღის ცენტრში მოთავსებული მედალიონი თითქმის წერტილს უსვამს ლილვების რთულ მოძრაობას. თავისთავად, ასეთი დეკორატიული ელემენტი გავრცელებული არ არის. ანალოგიას მომდევნო პერიოდის ძეგლებზე ვერ ვპოულობთ, უთაღობის გამო, მაგრამ შედარებით ადრე აგებულ ძეგლებში მიახლოებას შეიძლება მივაკვლიოთ.
დასავლეთის ფასადის მორთულობის მთავარ ელემენტს პარალელურად მოთავსებული ორი სარკმელი წარმოადგენს. ორივე სარკმელი ერთი სისტემითაა მდიდრულად მორთული. ასეთი კომპოზიციის შემქმნელად, ამ ტიპის ტაძრებში, იკორთის ავტორი გვევლინება. ამ ფასადზე კიდევ ორი სარკმელია. მარცხენა საპირე ქვა დაკარგულა და მოგვიანებით ჩაუსვამთ, ხილო მარჯვენა პირვანდელია. მის ირგვლივ კვადრატულ ქვაზე ჩუქურთმა ერთიანადაა ამოკვეთილი.
ტაძრის გრძივი ფასადების მორთულობა თითქმის ერთმანეთს იმეორებს. განსხვავება მხოლოდ დეტალებშია. ძირითადი და მთავარი იმპოზანტური თაღებია. გვერდებიდან მომავალი დაბალი თაღედი შუაზე შესამჩნევ ნახტომს აკეთებს - ცენტრში თაღის წრე ფრონტონის კარნიზს ესაზღვრება. მშვიდი განაპირა მონაკვეთების გვერდით, მოძრავი და დატვირთული ცენტრი კონტრასტულად გამოიყურება. ესეც, ცხადია, ე.წ. ცხოველხატულობის თავისებურებაა. ოსტატის მიერ შექმნილი კომპოზიციები, როგორც აქ, ისე სხვა ფასადებზეც ერთგვარი მოუსვენრობის დაღს ატარებს.
გრძივი ფასადების მორთულობის მთავარი კვანძი ჯვრის მკლავებზეა მოთავსებული. აქაა განლაგებული დიდი თაღით შემოფარგლული სამ-სამი სარკმელი. თაღის მოხაზულობა შეხამებულია სარკმლების განლაგებასთან და საერთო ჩარჩოს როლსაც ასრულებს. ოსტატი ფასადებზე თაღის ვარიაციებს ქმნის. აღმოსავლეთის ფასადის ჯვრის მკლავის არეში იგი სამ თაღს ათავსებს. იმავე ზომის დასავლეთის მკლავს ერთი თაღით შემოწერს, ხოლო გრძივ ფასადებზე თავის ზომას ამცირებს და გვერდებზე ამყოლ ლილვებს ჰორიზონტალური მუხლებით უკავშირებს. როგორც ვხედავთ, ტაძრის ამ მონაკვეთზე თაღის სამი ვარიანტია წარმოდგენილი.

გრძივი ფასადების მორთულობის დანარჩენი ელემენტებია დაბალი თაღედის ცენტრებში ძვირფასი თვლებით ჩასმული წრიული სარკმლები. ჩრდილო ფასადებზე ასეთი სარკმელი ოთხივე თაღში იყო, ხოლო სამხრეთისაზე მარჯვენა მხარეს. ამ ექვსი სარკმლიდან შერჩენილია მხოლოდ ორი, ისიც ჩრდილოეთით. ერთ მათგანს წრიულად შემოუყვება ფართო არშია, ხოლო მეორის ჩუქურთმა კვადრატულ ქვაზეა განლაგებული. როგორც ეტყობა, ეს მოტივი ძალიან მოსწონს იკორთის ოსტატს, რადგან მას ოთხივე ფასადზე ვხვდებით. მართალია, აღმოსავლეთის ფასადზე წრიული სარკმელი სხვა ელემენტებთანაა გაერთიანებული და ამიტომაც ცალკე არ იკითხება, მაგრამ დანარჩენ სამ ფასადზე ცალ-ცალკე და ყველგან - თაღების ცენტრებშია. ოსტატი ერთფეროვნებას აქაც გაურბის. სარკმლის შემომყოლი არშია ზოგან წრიულია, ზოგან კი - კვადრატული. ჩუქურთმის მოტივებიც განსხვავებულია.
გვერდის ფასადებს სხვა მორთულობა არ გააჩნიათ (სამხრეთის ფასადზე მზის საათს საკუთარი ფუნქცია ჰქონდა და ამდენად დეკორისათვის არ იყო განკუთვნილი). ხოლო რაც შეეხება ამავე ფასადის შესასვლელს, მას კარიბჭე თუ არა, მორთული პორტალი მაინც ექნებოდა. სხვა თუ არაფერი, ამ აზრს გვიკარნახებს დასავლეთის პორტალი. გამორიცხული არაა, რომ დასავლეთის მსგავსად, აქ კარიბჭე ყოფილიყო და პორტალიც. ერთიც და მეორეც, თუ ორივე ერთად, სულ სხვა იერს მისცემდა ტაძრის ამ მხარეს, დღეს განახლებული შიშველი კედელი და უსახო შესასვლელი ტაძრის ამ მონაკვეთს უღიმღამოს ხდის.
იკორთის გუმბათი საუკეთესო ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს. იგი ძალიან მოხდენილად აგვირგვინებს ტაძრის მასებს. გუმბათის ცილინდრულ ყელზე განლაგებული თორმეტი სარკმლის მორთულობა უწყვეტად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საკმაო ინტერვალის შემდეგ ფრიზი გასდევს წრეს და კომპოზიციას აბოლოვებს ორმაგი კარნიზი. ტაძრის გუმბათს თავისებურება ახასიათებს. ესაა - თაღედის ზემოთ მაღალი შუბლი, ფრიზი და ორსაფეხურიანი კარნიზი.
იკორთის ტაძარი მეტად მდიდარია ჩუქურთმით. მოჩუქურთმებული კედლები დიდი შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ფასადების დათვალიერებისას მზერა ერთი ჩუქურთმიდან მეორეზე გადადის, მოტივს ცვლის მოტივი, გიტაცებთ და განცვიფრებით არქიტექტორის ფანტაზია. ჩუქურთმების მოტივების ერთი ნაწილი ადრევეა შექმნილი, მაგრამ იკორთის ავტორის ხელში განსხვავებულ საკუთარ სახეს იძენს.
იკორთის ტაძარში ორ მესამედზე მეტი მცენარეული მოტივების ორნამენტებს უჭირავს. თუმცა გეომეტრიული ორნამენტიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტაძრის მორთულობაში. მაგალითისათვის შეგვიძლია დავიმოწმოთ იკორთის აღმოსავლეთის ფასადის განაპირა მონაკვეთები, აქ ერთ ვერტიკალზე განლაგებული დეკორის სამ-სამი ელემენტი ჩუქურთმებითაა შემონაკვთული. პირველი ქვედა ელემენტი მარცხნივ ფოთლოვანია, მარჯვნივ - გეომეტრიული. შუა ელემენტი ორივეგან ფოთლოვანია, ხოლო მესამე ელემენტი მარცხნივ ისევ ფოთლოვანია, მარჯვნივ კი - გეომეტრიული. როგორც ვხედავთ, ერთი და იგივე დანიშნულების დეკორატიული ელემენტი ხან გეომეტრიული და ხან მცენარეული მოტივითაა შესრულებული.
აღმოსავლეთის მთავარი სარკმლის საპირედ ლამაზი მცენარეული მოტივია გამოყენებული. ლენტოვანი წნულით შექმნილია ტოლმკლავა ჯვარი. ჯვრის ოთხივე წრიულ მკლავში შემოყვანილა ორ-ორი წნულ ღეროზე აღმართული ფოთოლი. ფოთლები ცენტრში ერთმანეთს წვეტით ეხება და მთლიანად მეტად ლაკონიურია. ესეთი ელემენტებისაგან შედგენილი არშია ყოველთვის მშვიდ მიმზიდველ სურათს ქმნის.
საკმაოდ ლამაზი ორნამენტი ამკობს იკორთის სამხრეთის ფასადის მარცხენა სარკმელს და აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა წრიულ სარკმელს. ჩუქურთმის მოტივი მსგავსია ორივეგან, მაგრამ პირველი უფრო რთულია და მოხდენილი, შექმნილია ლენტოვან სამკუთხედში ჩართული წვეტიანი ფოთლებით, სადაც გარე ჩაღრმავებებს ავსებს ნახევარფოთლები. აღმოსავლეთის წრიული სარკმლის მოტივი იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ლენტოვანი სამკუთხედის ქვედა მოხაზულობაში და ფოთლების ღეროების წარმოქმნაში განსხვავებაა.
საყოველთაოდ გავრცელებული მოტოვია გამოყენებული ჩრდილოეთის ფასადზე. ზედა სარკმელს არშიად შემოუყვება წრეების ჯაჭვი, რომლის შიდა არე მოკავებული აქვს მრავალყურა ფოთოლს.
იკორთის დასავლეთის პორტალის ერთ-ერთი სამკაულია მცენარეული მოტივისაგან შემდგარი არშია. ოსტატი სწორკუთხა შესასვლელის მორთვისას მოტივთა კომბინაციებით მუშაობს. ძირითადი მოტივია ლენტებისაგან შედგენილ სამკუთხედში პირშექცევით მოქცეული წვეტიანი ფოთლები. ასეთი არშიების ვერტიკალების ბოლოებში ვარდულებია ჩასმული, ზედა კუთხეში კიდევ დამატებით, წაწვენით ფოთლებია ჩაქსოვილი. ერთი შეხედვით ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ოსტატმა კუთხეებში არშიის მოხვევა ვერ მოახერხა, მაგრამ მან ეს პრობლემა მრავალჯერ გადაწყვიტა ფასადების სხვადასხვა სარკმელზე. როგორც ჩანს აქ ორიგინალობა გამოიჩინა. იგივე ორნამენტი ოსტატმა გუმბათის ყელის სამხრეთ-დასავლეთ სარკმელზე გამოიყენა. მართალია, ქვედა კუთხეებში აქაც არ არის სრულყოფილი მოხვევა, მაგრამ ქვემოდან ეს ძნელად შესამჩნევია. საერთოდ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს XI-XIII საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.
საინტერესო ფოთლოვანი ორნამენტები ამკობს იკორთის აღმოსავლეთის ფასადის სადიაკვნესა და გუმბათის ჩრდილო სარკმლებს. მართალია, ეს ორი ჩუქურთმა ზუსტად ერთნაირი არ არის, მაგრამ ორივე, თუ შეიძლება ითქვას ერთ მოტივზეა აგებული. არშიას კლაკნილი ზოლი გასდევს და ჩაზნექილი ნაწილები ფოთლებითაა შევსებული.
ასევე საინტერესოა ამავე ფასადის ნიშების სწორკუთხა სარკმლების არშიების მოტივები. ნახატი თავისუფალია, ყოველგვარი შეზღუდვისა და სქემატურობის გარეშე. არშიის ზედაპირი ამობურცულია, ჩუქურთმის ჭრა არის ღრმა, ფოთლები უაღრესად ცოცხალი. იკორთის დანარჩენი მცენარეული მოტივებიც შესრულების მხრივ სათანადო სიმაღლეზე დგას და საერთო ანსამბლში კოლორიტს ქმნის.
იკორთის ოსტატი ათამდე გეომეტრიულ მოტივს იყენებს. მათგან რამდენიმე XI საუკუნეში წარმოიშვა და შემდეგ ასეული წლების მანძილზე გასდევს ქართულ ხუროთმოძღვრებას. ასეთებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია დასავლეთ ფასადის მარცხენა სარკმლის შემამკობელი ლენტოვანი წრეების ჯაჭვი, აღმოსავლეთით სამკვეთლოს ზედა წრიული სარკმელი და გუმბათის ყელის სამხრეთისა და ჩრდილო-დასავლეთის სარკმლები. ფაქტობრივად იგივე მოტივია, მხოლოდ ორმაგი მწკრივით, დასავლეთის ფასადის მარჯვენა სარკმელზე და გუმბათის ყელის სამხრეთ აღმოსავლეთის სარკმელზე. ასეთივე ფართო ორმაგი არშია, მხოლოდ ხლართვის მცირე ცვლილებებით, ჩრდილო ფასადის მარჯვენა სარკმელზეა გამოყენებული.
ამავე ჯგუფს ეკუთვნის რომბებისა და წრე-რომბების ჯაჭვებისაგან შედგენილი ჩუქურთმოვანი არშიები. მათი განსაკუთრებით დიდი პოპულარობა XIII საუკუნიდან იწყება. კერძოდ, იკორთის ტაძარზე ლენტოვანი რომბების ჯაჭვი გამოყენებულია სამხრეთის ფასადის ზედა სარკმლებზე, ხოლო წრე-რომბებისა, სამკვეთლოს აღმოსავლეთის სარკმელზე.
იკორთის ოსტატი კარგად იყენებს საკმაოდ რთული ნახატით შედგენილ ისეთ მომზიდველ ორნამენტს, როგორიცაა ჩრდილო ფასადის მარცხენა სარკმლის საპირე. მართალია ეს მოტივი არცთუ ისე ხშირად გვხდება, მაგრამ მასში, ჩვეულებრივ, მცირე ვარიაციებია შეტანილი, უცვლელად რჩება ხლართის მოყვანილობა, ხოლო შიდა ფართობის შემავსებელი ლენტოვანი წნული სახეს იცვლის.
გუმბათის ყელის მორთულობიდან კიდევ უნდა შევეხოთ ორ მოტივს: ერთია სამ რიგად განლაგებული ლენტოვანი რომბები, ხოლო მეორე - ისევ სამ რიგად განლაგებული ლენტოვანი რომბები, მხოლოდ განსხვავებული ნახატით. პირველის ვარიაციები ნაკლებია, ხოლო მეორესი - გაცილებით მეტი. ერთსაც და მეორესაც XI საუკუნის დასაწყისიდანვე იყენებენ, მაგრამ მეტი პოპულარობით სარგებლობს მეორე.
როგორც ვხედავთ, იკორთის კედლებზე განლაგებული ჩუქურთმა დიდ დეკორატიულ ფორმებთან ერთად ერთი მთლიანია. ყველგან ჩანს ავტორის შემოქმედებითი ძარღვი და გაქანება.
იკორთის ცენტრალურ-გუმბათოვენი ტაძარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობაა.
No comments:
Post a Comment