Thursday, April 7, 2011

ანანური

ანანური

ანანურიანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. მასში თავმოყრილია, საკულტო, სამხედრო, და საერო ხასიათის ძეგლები. ჩვენს ტერიტორიაზე ძნელია მოიძებნოს ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგადაც დაცული სხვა ძეგლი. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ანანური წარმოადგენს ძლიერ ფეოდალთა - არაგვის ერისთავთა ციხე-სიმაგრეს, მისადმი ინტერესი უფრო გაიზრდება.
ანანურის კომპლექსი მდებარეობს დუშეთის რაიონში, თბილისიდან 60 კილომეტრის დაცილებით, არაგვის მარჯვენა მხარეს, ჟინვალის წყალსაცავთან. აქ იყო არაგვის საერისთავოს საკვანძო პუნქტი, სადაც თავს იყრიდა: ერთის მხრივ - ჩრდილოეთიდან, თერგისა და არაგვის ხეობებით და მეორეს მხრივ - ქართლის შიდა ტერიტორიიდან, დუშეთის გამოვლით, მომავალი მთავარი გზები.
ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი არ ჩანს. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის, მნიშვნელობა გაზრდილა ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ.
საერისთავოს არსებობის უკანასკნელ პერიოდში არაგვის ერისთავთა ადრინდელ რეზიდენციაში, დუშეთში, ბუდის მოშლის გამო, ცენტრიც აქ უნდა გადმოსულიყო.
არაგვის საერისთავო XIV საუკუნეში უკვე ჩამოყალიბებული იყო. ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებამ გამოიწვია ცალკეულ საფეოდალოთა გაძლიერება. განსაკუთრებით აქტიურდებიან არაგვის ერისთავები XVII საუკუნესა და XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. ისინი უკვე არამარტო მეზობელ სამთავროებს ებრძვიან, არამედ მეფეთა დასმა-ჩამოგდებაშიც არავის უთმობენ პირველობას. ისინი ერთმანეთსაც არ ინდობდნენ. მამა შვილს მტრობდა, შვილი - მამას, ძმა - ძმას და ა. შ. როდესაც მატიანეთა ფურცლებს თვალს გადაავლებთ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს ისინი ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტის მეტს არაფერს აკეთებდნენ.
არაგვის ერისთავთა არსებობა ცენტრალური ხელისუფლებისათვის აუტანელი იყო, მაგრამ იგი მათ მოსპობასაც ვერ ახერხებდა, ვიდრე თეიმურაზ II-მ არ ისარგებლა შემთხვევით და არ გააუქმა ეს საერისთავო. 1743 წელს ბეჟან ერისთავი და მისი ბიძაშვილი ოტია მათგან განაწამებმა მათივე ყმებმა არაგველებმა მოჰკლეს და თეიმურაზს შეუთვალეს. „თქვენს მეტი ბატონი არ გვინდაო“. მეფის კარზე საერისთავოს გაუქმების საკითხი ისედაც მომწიფებული იყო. ამიტომ თეიმურაზმა არ დააყოვნა, ჩავიდა და საერისთავო უშუალოდ ტახტს დაუქვემდებარა. ამით, ცხადია, არაგველთა მდგომარეობა არ შემსუბუქებულა. პირველ ხანებში საერისთავოს მეფის ერთგული კახელი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი განაგებდა. არაგველებმა არც ის აბოგინეს დიდხანს, რადგან სისასტიკეში ძველ ერისთავებს ისიც არ ჩამოუვარდებოდა. 1756 წ. ჩოლოყაშვილი მუხანათურად მოჰკლეს. XVIII საუკუნის 70-იან წლებში საერისთავოს გამგებლად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ჩანს, ხოლო შემდეგ - ლევან ერეკლეს ძე. ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ ამ მხარეს ერეკლეს ძე ვახტანგი (ალმასხანი) განაგებდა 1803 წლამდე.
ანსამბლის წარსულიდან გამოვყოფთ ზოგ მომენტს. XVIII საუკუნის 20-იან წლებში, ოსმალთა და ლეკთა გამუდმებული თარეშის გამო, იქ თავი შეუფარებიათ თეიმურაზ მეფესა და კახელებს. ლეკები მისდგომიან ციხეს, მაგრამ ვერაფერი დაუკლიათ. იმ ხანებში ანანური აღჭურვილი ყოფილა ზარბაზნებით, რომლებიც შემდეგ თელავში გადაუტანიათ.
ანანურში მომხდარი ამბებიდან საინტერესოა 1739 წლის ტრაგედია. როდესაც დაუდეგარი შანშე ქსნის ერისთავი რუსეთს იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ცოლი ყიზილბაშებისათვის მიუგვრიათ. როდესაც შანშე რუსეთიდან დაბრუნებულა, თავისი ოჯახის შეურაცხმყოფელთათვის სასტიკად მიუზღია სამაგიერო. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით შემოსდგომია ციხეა, სადაც გამაგრებული ყოფილა ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად. დაიწყო ბრძოლა. მეციხოვნეებმა იმდენი ლეკი დახოცეს, რომ თვით ლეკები დახოცილი თანამოძმეებისგან სანგრებს იკეთებდნენ. როცა მოალყენი ვერაფერს გახდნენ, ხერხს მიმართეს. იპოვეს წყალსადენი და გადაკეტეს. ზაფხული იყო და ციხეში მყოფთ მეტად გაუჭირდათ; იძულებულნი გახდნენ ფიცით დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაჰბარდა, მაგრამ ერისთავის შვილი, უთრუთი, არ მიენდო და ერთ-ერთ კოშკში რომელსაც „შეუპოვარს“ ეძახიან, გამაგრდა. ქსანელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დახოცეს მისი ოჯახის სხვა წევრებიც. შემდეგ ციხეს შეესივნენ, აიკლეს, ააოხრეს მონასტერი, დაამტვრიეს ხატები და უთვალავი ტყვე წამოასხეს. „შეუპოვარ“ კოშკს კი ცეცხლი წაუკიდეს და უთრუთი შიგ გამოწვეს.
შურისძიების ჟინით შეპყრობილმა ქსნის ერისთავმა საწადელს მიაღწია. ისტორიის ეს საშინელი ფურცელი დამახასიათებელია ფეოდალიზმისათვის. არაგველებზე ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი, შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლავთ და იგი დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს იგი არქეოლოგებმა. საშინელი სურათი წარმოუდგათ მათ თვალწინ. ნახანძრალი სავსე იყო დიდისა თუ ბავშვის დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით.
ზემოაღწერილი ტრაგედიიდან რამდენიმე წლის შემდეგ ანანური არათუ სიმაგრედ, საპყრობილედაც გამოუყენებიათ. როდესაც ირანის ტახტის მაძიებელი შაჰზადა თეიმურაზსა და ერეკლეს ხელთ ჩაუვარდათ, მათ იგი ანანურში დაამწყვდიეს. შემდეგ კი ნადირ-შაჰს მიჰგვარეს.
ამ ხანებში ანანური არა მარტო საერისთავოს, არამედ მთელი ქვეყნის საიმედო სიმაგრედაც ითვლებოდა. როდესაც ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთს ორასი თუმნის გადახდა უბრძანა და გადახდის, სურვილსა და უნარმოკლებულმა თეიმურაზმა გაცლა ამჯობინა, მან მთელი სახლობით, დიდებულთა ოჯახებითა და ჯარით ანანურის ციხეს შეაფარა თავი. მეფის ამალაში შედიოდნენ პატრიარქის, ეპისკოპოსის, ბატონიშვილისა და თავადთა ხელქვეითნიც, რაც საკმაოდ საგრძნობ რიცხვს შეადგენდა. მათი დატევა მხოლოდ ქალაქის ტიპის ციხე-სიმაგრეს თუ შეეძლო.
XVIII საუკუნის შუა წლებში ანანურის ციხის დიდ მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ, როცა საქართველოში მეფის რუსეთის ჯარის უფროსმა, გენერალმა ტოტლებენმა ერეკლე მეფის ტახტიდან ჩამოგდება და ქვეყნის დაპყრობა განიზრახა, იგი მთელი თავისი არტილერიით ანანურში დაბანაკდა, რაც კი იქ ზარბაზნები და სხვა იარაღები დახვდა, დაამტვრია და ორას ფუთზე მეტი თოფის წამალი მიისაკუთრა.
ანანურზე კიდევ მრავალი ცნობის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ციხის ადგილისა და როლის ნათელსაყოფად საკმარისია ერთი ცნობაც. 1791 წელს ერეკლეს მიერ თავის ძეთათვის დაწერილ განწესებაში ჩამოთვლილია შვიდი მთავარი ციხე, მათ შორისაა ანანურიც.
დასასრულს, ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ მხცოვანმა ერეკლემ, როდესაც იგი კრწანისის ველზე აღა-მაჰმად-ხანთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, სწორედ ანანურს მიაშურა და იქ ჰპოვა საიმედო თავშესაფარი.

ანანურის ანსამბლის დომინანტს წარმოადგენს დიდი გუმბათოვანი ღვთისმშობლის ეკლესია. იგი მიეკუთვნება შუა საუკუნეებში გავრცელებულ ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძართა ტიპს. ეს დიდი ზომის ნაგებობა ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ძეგლია გვიანი საუკუნეების საქართველოში.
სამხრეთ ფასადის კარის მარცხნივ მოთავსებულია ცხრამეტსტრიქონიანი მხედრული წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით. ბარძიმს ამ ტაძრის აგება მიუნდვია და სარქარადაც (მშენებლობის უფროსად) ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო ბაღსარაშვილი დაუნიშნავს. მას ბევრი უმოღვაწია და XVII საუკუნის პირობების გათვალისწინებით, კარგადაც აუგია ტაძარი.
გუმბათი როგორც ჩვეულებრივ ამ ტიპის ტაძრებში, ისე აქაც, ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბურჯს. ღრმა, უბემო აფსიდი ნახევარწრიული მოხაზულობისაა. მის ცენტრში დგას კუბური ტრაპეზი, რომელიც წინიდან და გვრდიდან ღიაა. საკურთხეველი გვერდის სათავსოებიდან მხოლოდ ჩრდილოეთისას (სამკვეთლოს) უკავშირდება კარით. აფსიდის კედელზე სამი ნიშია მოთავსებული: ორი პატარა ოთკუთხა ფორმისა გვერდებზე და ერთი დიდი, ნახევარწრიული გეგმით და თაღით გადახურული ცენტრში, სარკმლის ქვეშ.
ეკლესიის შესასვლელები ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია, ერთმანეთის პირდაპირ. მათი გადახურვა როგორც შიგნიდან, ისე გარედან ჰორიზონტალურია.
ამ ტიპის ქართულ ეკლესიაში, როგორც არაერთხელ არის აღნიშნული სამეცნიერო ლიტერატურაში, გვერდითი შესასვლელები სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ადგილას ეწყობოდა.
აქვე უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: ეკლესიებში, თუ მდებარეობა ამის საშუალება იძლევა და ერთი კარი იყო, იგი მეტწილ სამხრეთითაა. ორი კარის საჭიროების დროს სამხრეთითა და დასავლეთით, ხოლო მესამე კარი ჩრდილოეთით თავსდებოდა. ჩვენს შემთხვევაში დასავლეთით შესასვლელის მოთავსების საშუალება არ იყო; იქ ადრე კოშკი იდგა.
ეკლესიის ჯვრის მკლავებს ისრული ფორმის კამაროვანი გადახურვა აქვთ. გვერდის მკლავები მოკლეა, სამხრეთისა მცირედით მეტია მეორეზე. ხოლო დასავლეთისა ორივეს ჯამსაც აღემატება. მისი კამარა შუაში საბჯენ თაღს ეყრდნობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინტერიერში პილასტი არ არის ნახმარი. გუმბათქვეშა თაღები კი კრონშტეინებს ეყრდნობა. ხოლო დანარჩენი თაღების ქუსლები მომრგვალებულია და პირდაპირ უერთდება კედელს.
დასავლეთის ჯვრის მკლავი გვერდის ნაწილებთან დაკავშირებულია თითო თაღით, რომლებიც აღმოსავლეთით რვაგვერდა პრიზმულ ბურჯებს ეყრდნობა. მეორე მხარეს კი უშუალოდ კედელთანაა შეერთებული. ამ ბურჯების ოქტოგონურ ფორმაში ახალი არაფერია; მას ხმარობენ ამ ტიპის ეკლესიებში უკვე XII საუკუნიდან. ამ ეპოქისათვის გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო, აფრული წესით ხდება. ქვედა ნაწილისაგან ცილინდრული გუმბათის ყელი ძლივს შესამჩნევადაა გამოყოფილი, მაშინ, როდესაც ზედა ნაწილში ნახევარსფერული ფორმის გუმბათისაგან მას ერთი წვრილი ლილვი ყოფს. არც ეს ლილვია ანანურის ოსტატის გამოგონილი. მას ხშირად იყენებენ XIII საუკუნის ბოლოდან.
ეკლესიის შიდა სივრცე, როგორც მოსალოდნელი იყო ამ ეპოქისათვის, კარგად არის განათებული, რადგან სინათლის წყარო საკმაო რაოდენობითა და მოფიქრებულადაა განლაგებული. სარკმლების უმრავლესობა გუმბათის ყელშია მოთავსებული. აქ თექვსმეტი მაღალი სარკმელი თანაბარი ინტერვალითაა ჩამწკრივებული. აქ ჯვრის მკლავებში კი სინათლის წყარო სხვადასხვაგვარადაა მოწყობილი. საკურთხეველში სამი სარკმელია: ერთი დიდი ცენტრშია და ორი პატარა, გარედან წრიული ფორმისა ზემოთაა. გვერდებზე: დასავლეთისაზე ორი ასეთივე წრიული სარკმელი მოთავსებულია თაღის გვერდებზე; ჩრდილოეთის მკლავში, ისეთი როგორც აფსიდში, ერთი დიდი სარკმელია ცენტრში. ხოლო ორი პატარა ზემოთ, თაღის არეში. სამხრეთით ორი დიდი სარკმელია ერთ ჰორიზონტზე მოთავსებული. ამათ გარდა, თითო მაღალი ზომის სარკმელი მოთავსებულია ნავების დასავლეთის კედლებში.
განსხვავებული ფორმების სარკმლების ასეთი არათანაბარი განლაგება გამოწვეულია ფასადებზე დეკორის თავისებური გადაწყვეტით.
აღნიშნული მაღალი სარკმლები, გარდა გვერდის ნავების სარკმლებისა, გადახურულია ისრული ფორმის თაღებით. ასევე ისრული ფორმა აქვს ინტერიერში ნახმარ კონსტრუქციულ ყველა თაღსა და კამარას. გარდა გვერდის ნავების კამარებისა, სადაც წრის მეოთხედია გამოყენებული. ისრული ფორმის თაღები საქართველოში, XII საუკუნიდან იხმარება, მაგრამ გვიანფეოდალური ეპოქის ისრული თაღის ფორმა განსხვავდება შუა საუკუნეების ისრული თაღის ფორმისაგან იმით, რომ იქ თაღი „შემართულია“, აქ კი „დამჯდარი“, გვერდებგამობერილი. ანანურის თაღებიც ამ უკანასკნელთა ჯგუფს მიეკუთვნება.
საკურთხევლის გვერდითი სადგომები ორსართულიანია. ამათგან ქვედა მაღალი და ხალვათია, ხოლო ზედა - დაბალი და პატარა. ქვედა სადგომები აღმოსავლეთიდან ნათდება თითო მაღალი სარკმლით. ზედა სადგომებსაც თითო სარკმელი ანათებს, მაგრამ ისინი პატარა ზომისა და წრიული ფორმისაა, რის გამოც ოთახები ნახევრად ბნელია. სამკვეთლო და სადიაკვნე ისრული ფორმის თაღოვანი გადახურვის მქონე თითო კარითაა დაკავშირებული ცენტრალურ სივრცესთან, სამკვეთლო საკურთხეველსაც უერთდება ერთი კარით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამკვეთლოს აფსიდი აქვს და სადიაკვნე კი სწორი კედლით მთავრდება. ტრაპეზი პირველთან მთელ სიგრძეზეა, ხოლო მეორეში ჩვეულებრივია, პატარა.
ზედა სართულზე ასასვლელად ორივე სადგომის შიდა კედლებში მოწყობილია კიბეები. ამ სადგომიდან კედლის სისქეში კიბეები ისევ ზემოთკენ მიემართება და ერთდება საკურთხევლის კონქზედა ოთხკუთხა სადგომში, რომელიც ისრული კამარითაა დახურული. ეს სადგომი აღმოსავლეთიდან პატარა სარკმლით ნათდება.
ეკლესიის კედლები შიგნიდან ნაგებია ყორე ქვით (აქა-იქ აგურიც გამოუყენებიათ) და სქელი ბათქაშითაა დაფარული. სამხრეთ კედელზე, სარკმლის ქვეშ, საკმაოდ დიდ ფართობზე, მოთავსებულია „დღე განკითხვისა“, ბურჯებზე - წმინდანები. (საინტერესოა ბურჯებზე განლაგებული ასურელ მამათა გამოსახულებანი, მათ შორის წარწერებში იკითხება: „ისე წილკნელი“, „სტეფანე ხირსელი“ და ა.შ.).
ძველი კანკელის კვალი არ ჩანს და არც სხვა წყაროებიდან ვიცით მის შესახებ რამე. ასე რომ, თავდაპირველად იყო თუ არა კანკელი, ამაზე პასუხს ვერ ვპოულობთ. შესაძლოა თავდაპირველი კანკელი ემსხვერპლა 1739 წელს ლეკების მიერ მონასტრის აოხრებას. დღეს არსებული კანკელი უკანასკნელი წლებისაა, ისე როგორც ეკლესიის იატაკი.
ტაძრის გარე მასებში მოპირდაპირე მხარეები ერთნაირი კონფიგურაციისაა, ხოლო ცენტრში გუმბათია აღმართული. ფასადები კარგად თლილი ქვის კვადრებითაა შემოსილი. სახურავი ლორფინებით ყოფილა დაფარული, მაგრამ დაზიანების გამო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თუნუქით გადაუხურავთ.
ანანურის ხუროთმოძღვარს ოთხივე ფასადის მორთულობა მთლიანად აქვს გააზრებული. ძირითად მასათა განლაგებაში იგი იმეორებს ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიის ტრადიციულად მიღებულ სახეს, მაგრამ უკვე მათი მორთულობის კომპოზიციებს იგი თავისებურად წყვეტს. შენობა მთლიანად მაღალი სწორკუთხა პროფილის მქონე ცოკოლზეა აღმართული და ქართული ეკლესიებისათვის ჩვეულებრივი სახის (ამ შემთხვევაში უჩუქურთმო) კარნიზით მთავრდება. ფასადები, ნაგებობის ხუროთმოძღვრულ ფორმათა შესაბამისად, ძირითადად სამ-სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და თითოეული მათგანი ლილვების კონებითაა შემოფარგლული. ყოველი ფასადის შუა ნაწილი თაღოვან არეს წარმოადგენს და მაღალ ფრონტონთან კარგადაა შერწყმული, მაშინ, როდესაც გვერდით არეებში ყველგან ასეთი გადაწყვეტა ვერ არის. საქმე ისაა, რომ ძეგლის გრძელ ფასადებზე გვერდითა არეების ფორმა თუ ტაძრის ხუროთმოძღვრულ ფორმებს შეესატყვისება, იგივე არ შეიძლება ითქვას მოკლე ფასადებზე. დასავლეთის ფასადზე სწორკუთხედის შუა ნაწილი შერბილებულია ერთი საფეხურით აწევით. ყოველი ფასადის ღერძი დეკორატიულ ჯვარს უჭირავს, მაგრამ თითოეული მათგანი ინდივიდუალური სახისაა. მოსაზღვრე ფასადების მაკავშირებელია წიბოებზე მდებარე თეთრი ლილვი. ისინიც, სხვა ლილვების მსგავსად, პროფილირებულ ბაზებზეა აღმართული. ზოგი მათგანის გვერდით, ოსტატს ფესტონების ამოკვეთაც დაუწყია.
აღმოსავლეთ ფასადზე, როგორც ვთქვით, სამი არე იქმნება: ცენტრში - მაღალი არე ორფერდა გადახურვით და გვერდებზე - ცალფერდა დაბალი ნაწილები. ფასადის მორთულობაც, ამის შესატყვისად, სამ მონაკვეთადაა დაყოფილი. ამათგან ცენტრალური მაღალია და თაღედით ფრონტონების კარნიზებს ებჯინება, ხოლო განაპირები დაბალია და სწორკუთხედებს წარმოადგენს. სამივე არე ლილვებითაა მოჩარჩოებული, ლილვები სამ-სამია, მაგრამ ცენტრალური ნაწილი - გარეთა მესამე ლილვი მხოლოდ ფასადის სიმაღლის შუამდე ადის და წყდება. ეს ლილვები რთული პროფილის მქონე ბაზებზეა აღმართული. ოსტატი ყველგან მხოლოდ გარე ორს რთავს.
ფასადის მორთულობა ძირითადად ცენტრალურ არეშია განლაგებული. აქ, ღერძზე, მოთავსებულია დიდი სარკმელი, რომელიც შემკულია ორ ლილვს შუა ჩამჯდარი ჩუქურთმიანი არშიით. ეს მოჩარჩოება „შედგმულია“ იმავე პროფილის მქონე კვარცხლბეკზე, ხოლო სარკმლის ზემოთ მოჩარჩოების თაღზე აღმართულია მაღალი ჯვარი. ეს ჯვარიც მოჩარჩოების პროფილს იმეორებს და ორნამენტოვანი არშიაც ისევ ლენტოვანი წრეების ჯაჭვისგან შესდგება. ჯვრის მკლავების ბოლოები წაწვეტებულია.
ცენტრალური ჯვრის გვერდებზე ჰორიზონტალური მკლავების ქვემოთ, მოთავსებულია თითო პატარა ჯვარი. ამ ჯვრებზე დიდი ჯვრის ფორმა არის გამეორებული. მისგან განსხვავებით, აქ ლილვები ცენტრალურ ნაწილში დამუშავებულია გრეხილის სახით, მაგრამ გრეხილი ბოლოებში ოსტატს, რატომღაც არ დაუმთავრებია. ამ ჯვრების ჩუქურთმაც გეომეტრიულ წნულს წარმოადგენს. მცენარეული მოტივი ამ ფასადზე გამოყენებულია მხოლოდ ცენტრალური სარკმლის თაღის გვერდებზე. იქვე, მოჩუქურთმებულ არეთა ცენტრებში, მედალიონებია ადამიანის თავის გამოსახულებით. გვერდებზე კი ისევ ფოთლები.
ფასადის მორთულობის დანარჩენი ელემენტები ერთი სახისაა და მოჩარჩოებულია სწორკუთხა და წრიული ფორმის სარკმლების თითო ლილვით. ამათგან თითო მაღალი, სწორკუთხა სარკმელი მოთავსებულია გვერდითა ოთხკუთხედებში და სადიაკვნესა და სამკვეთლოს ანათებს. ხოლო ზემოთ, სწორკუთხედის გარეთ, თითო წრიული პატარა სარკმელია, რომლებიც საიდუმლო ოთახებს ანათებს. ასეთივე ფორმის, მაგრამ მათზე უფრო დიდი სარკმლები ცენტრალური ჯვრის გვერდზეა განლაგებული და საკურთხეველს ანათებს. ერთი პატარა, ისრულთაღიანი სარკმელი მოთავსებულია დიდ ჯვარსა და თაღს შორის აფსიდის კონქზედა სადგომის გასანათებლად.
დასავლეთის ფასადი, აღმოსავლეთის მსგავსად, სამარედაა დაყოფილი. ცენტრში აქაც მაღალი, თაღოვანი მოჩარჩოების მქონე არეა, გვერდებზე კი - ზემოთ ერთი საფეხურით შეტეხილი ოთხკუთხა არეებია. ლილვები, ბაზისების გარეშე, აღმოსავლეთის ფასადისაგან განსხვავებით, ორმაგი და მარტივია.
ფასადის მორთულობა აქაც ცენტრალურ თაღოვან არეზეა განლაგებული, მთავარი ადგილი ისევ ჯვარს უჭირავს. ჯვარი ორ ერთმანეთზე გადახლართულ, პირაღმა დაწოლილ გველეშაპს „თრგუნავს“. გველეშაპები სიმეტრიულადაა განლაგებული. მათ ხახა დაღებული აქვთ და როგორც ეტყობათ, საკბენად ემზადებიან, რადგან მათივე კუდებს გველის თავები აქვთ გამობმული. ფრთა და ფეხი თითო-თითო აქვთ: მუცელთან - ქვემოთ ფეხი და ზემოთ - ფრთა. ჯვრის ზედა მკლავი ნახევარწრიული არშიითაა შემორკალული, ხოლო სამი დანარჩენი მცირე ზომის ოთხკუთხედებით მთავრდება. ჯვარი აქაც კედლის სიბრტყეშია ჩაჭრილი და გვერდებზე სამყურა ორნამენტი გასდევს. მის ამობურცულ ზედაპირზე მოცემულია ბადის მსგავსი ლენტოვანი წნული.
ჯვრის მარჯვნივ თითქმის მთელი არე დაკავებული აქვს სტილიზებულ ვაზს. იგი ჰორელიეფითაა მოცემული. ყოველი ტოტი მთავრდება ფოთლებს შორის მოთავსებული მტევნით. ეს მსხვილღეროვანი და მაღალი ვაზი შედგმულია რვიანისმაგვარ დაგრეხილ ლილვზე. ვაზის მარჯვენა განაპირა ყლორტს შველი მოსდგომია და თითქოს, სანამ კორტნას შეუდგებოდეს, დაცეცებულია, გარემოს ათვალიერებს. ვაზის მარცხენა მხარეს, ზემოთ, რელიეფურად გამოსახული ქერუბიმია. ქერუბიმს ექვსი ფრთა აქვს, აქედან ორი ზევით არის აშვერილი გადაჯვარედინებულად და ოთხი - ქვემოთაა, ამათგან ცენტრალური ისევ გადაჯვარედინებულია.
ვაზის მარჯვენა მხარეს, ტოტებქვეშ, ჩაჭრით მოცემულია რელიეფი, სადაც გამოსახულია ღვთისმშობელი ბავშვით. ფეხმორთხმულ მარიამს კალთაში ჩაუსვამს და ხელებით უჭირავს ყრმა ქრისტე. ყრმას ხელები ვედრების ნიშნად აპყრობილი აქვს. ორივეს კბილანა გვირგვინები ამკობს.
ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ქვედა კუთხეებს პატარა რომბები წვეტებით ეხება. ეს რომბები მცირე ზომის წრიული სარკმლების ჩარჩოებია.
ფასადის გვერდით ოთხკუთხა არეებში თითო საშუალო ზომის სარკმლებია მოთავსებული. ამ სარკმლების მომჩარჩოებელს ჩუქურთმიანი არშიისათვის დამზადებული ჰქონია გლუვი ზედაპირი, მაგრამ ჩუქურთმა არ ამოუჭრია. მორთულობის სხვა დეტალი ამ ფასადს არა აქვს, რადგან მის ცენტრალურ ნაწილს თითქმის ფარავს ადრე აგებული კოშკი.
სამხრეთის ფასადიც სამი ნაწილისაგან შედგება: ცენტრში ფრონტონით დამთავრებული ეკლესიის ჯვრის მაღალი მკლავია, გვერდებზე კი - დაბალი ნაწილები ჰორიზონტალური კარნიზით. მორთულობის საერთო სურათი განხილული ფასადების ზოგადი გამეორებაა: ცენტრში ლილვებით შემოფარგლული თაღოვანი არე, გვერდებზე ლი ოთხკუთხედები. მაგრამ ისე მდიდრულად მორთული, როგორც ეს ფასადია, არც ერთი არ არის. პორტალი მოთავსებულია ფასადის მარცხენა მონაკვეთში, ამიტომ კედლის პილასტრი, რომელიც ცოკოლამდე უნდა ჩამოდიოდეს, წყდება ზემოთ, თითქოს დაკიდულია.
ცენტრალური თაღის ღერძი ისევ ჯვარს და მასთან დაკავშირებულ მორთულობას უჭირავს, მათ გვერდებზე სარკმელია, ხოლო ქვემოთ, მარცხნივ - მდიდრულად მორთული პორტალი.
დეკორატიული ჯვრის ფართო არშია ძირითადად დაფარულია მცენარეული ჩუქურთმით, მაგრამ არის გეომეტრიულიც: დიდი მკლავის ქვედა მესამედზე ჯვარს ორმაგი ჩარჩო აქვს, გარეთა - გრეხილია, ხოლო შიგნითა - ცერად კვეთილ სიბრტყეზე მოთავსებული მცენარეული მოტივი. ჯვრის ბოლოები ისევ ისრული ფორმით მთავრდება და ქვემოთ, დასავლეთის მსგავსად, თრგუნავს ერთმანეთზე გადახლართულ გველეშაპებს, მაგრამ აქ ისინი პირაღმა კი არ არიან, არამედ ნორმალურ მდგომარეობაში; მათი კუდებიც ჩვეულებრივია, უთავოდ. ამ კომპოზიციის ზემოთ, ჯვრის მკლავის ქვედა სამკუთხედში, ტოტებგაშლილი ხეა, რომელსაც უდგანან: მარჯვნივ - ხარირემი და მარცხნივ - ფურირემი.
ჯვრის ორივე მხარეს თითო მაღალი სარკმელია მოთავსებული. ორივე ერთი ტიპისაა, სარკმელს გარს უვლის ჩუქურთმიანი არშია ზედა ნახევარწრიული მოხაზულებით. ირგვლივ გამავალ ცერად კვეთილ სიბრტყეზე ორნამენტი უნდა ყოფილიყო, მარჯვენა სარკმელზე დაუწყიათ კიდევაც, მაგრამ ვერ დაუმთავრებიათ. მარცხენა სარკმლის ერთ არშიაზე გამოსახულია ფოთლოვანი ორნამენტი პატარა ჯვრებით, ხოლო მეორეზე - გეომეტრიული ორნამენტი.
ჯვრის ორივე მხარეს, ჰორიზონტალური მკლავების ქვემოთ, სტილიზებული ვაზების რთული კომპოზიციაა მოცემული. ეს ვაზები ორნამენტოვანი ბურთობით ეყრდნობა ჩარჩოში ჩასმული მთავარანგელოზების რელიეფურ გამოსახულებას. ვაზების რთული გამოსახულებანი მსგავსია, მაგრამ დეტალებში განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვაზების ღეროები გრეხილია, ორი მხრიდან მომავალი ხაზებით და შუაში „წვეთებით“. ტოტების ბოლოებზე და ცალკე ყლორტებზე ყურძნის მტევნებია გამოსახული. ვაზებს ცხოველები და ფრინველები „შესევიან“. მარცხენას რქებაშვერილი ხარირემი მისდგომია საჭმელად, მარჯვენას კი - ცხვარი და ირემი. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ირემმა უკვე ჭამა და მიდის, მაგრამ თვალი მაინც უკან რჩება. ზედა ტოტებს - მარჯვენას სიმეტრიულად ორი და მარცხენას ერთი მტრედი აზის; ისინი მტევნებს კენკავენ. იმავე ჰორიზონტზე, ვაზების გარეთ ქურუბიმებია გამოსახული. ზოგი ქურუბიმის ფრთა, ფრინველის ფრთას კი არა, ფოთლოვან ორნამენტს უფრო წააგავს.
აღნიშნული მთავარანგელოზებიც თითქმის თანაბარზომიერი და მსგავსები არიან, მაგრამ დეტალებში უმნიშვნელო განსხვავებაა. ორივე ფიგურა ანფასით არის მოცემული: თავებს შარავანდი მოსავს, ხელები აპყრობილია ფრთების ფონზე, ტანისამოსი ხაზებითა და ორნამენტებითაა დამუშავებული, ფეხები პროფილშია, ცენტრისკენ მიმართული. განსხვავება ყველა ჩამოთვლილ ნაწილშიცაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მარჯვენა ანგელოზს მარჯვენა ხელში პატარა ჯვარი უჭირავს და მარცხენაში - ბურთულა. ასეთი ბურთულა მეორე ანგელოზსაც იმავე ხელში უჭირავს, მაგრამ ჯვარი კი არა აქვს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მარცხენა ანგელოზს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორე კი ფეხშიშველია (პირველი - მთავარანგელოზი და მეორე ანგელოზი?).
ამ ფასადის შემდეგი რელიეფია მწოლიარე ანგელოზი. მას თავი შარავანდის ფონზე აქვს, გრძელი ტანი დაფარულია ხაზებიანი სამოსით, თითო ფრთა აქვს ზემოთ და ქვემოთ და ორივე ხელით ჩაჭიდებულია რაღაც ნივთზე. ასეთივე ანგელოზი უნდა ყოფილიყო ჯვრის მკლავის მოწინააღმდეგე მახარეს. მისთვის ასეთივე გრძელი ქვა სპეციალურად დაუტანებიათ, მაგრამ რელიეფი არ ამოუკვეთიათ.
ფასადს ამკობს აგრეთვე ორი ლომის გამოსახულება. ისინი განლაგებული არიან ვაზების გვერდებზე, სარკმლების ზემოთ და სახით ორივენი ჯვრისაკენ იხრებიან. ლომები მიბმულნი არიან გრძელი ჯაჭვებით მიბმული, რის გამოც ისინი დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფებიან, თითქოს ჯაჭვის გაწყვეტას ლამობენ.
ფასადის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი რელიეფია თაღსა და ფრონტის კარნიზს შორის. იგი ძალიან დაზიანებულია. ეს უნდა იყოს ქრისტეს წელზევითი გამოსახულება.
ფასადის ცენტრალური ღერძი უკავია მოჩუქურთმებულ ჯვარს. ჯვარი რომ ამაღლების ერთ-ერთი ელემენტია, ამის მაჩვენებელია ჯვრის ზედა მკლავის მარცხენა მხარე, ჰაერში ჰორიზონტალურად გამოსახული ანგელოზი. როგორც აღწერისას აღვნიშნეთ, მოპირდაპირე მხარეს ასეთივე გამოსახულება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოსტატებს ამ რელიეფის ამოჭრა ვერ მოუსწრიათ (ჩუქურთმაც ხომ ბევრგან დაწყებული და მიტოვებულია).
ჩრდილოეთის ფასადი მასათა განლაგებით სამხრეთის ანალოგიურია, მაგრამ მორთულობით მას ჩამოუვარდება. ფასადი კომპოზიციურად ისევ სამადაა გაყოფილი - ცენტრში ორი ლილვით შემოფარგლული თაღოვანი არეა, მარცხნივ ლილვიანი სწორკუთხედი და მარჯვნივ ორად გაყოფილი სწორკუთხედი, რომლის განაპირა ნაწილი ცარიელია, ხოლო მეორე კვლავ ორადაა გაყოფილი, ქვემოთ კარი და მისი მორთულობაა, ზემოთ, ცენტრში - რელიეფური მარტივი ჯვარი.
ჩრდილოეთის შესასვლელი, ქართულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული წესისამებრ, გაცილებით ნაკლებათაა მორთული, ვიდრე სამხრეთისა. ანანურში ამას კონკრეტული მიზეზებიც აქვს. ანანურის ციხეში შესასვლელი მდებარეობს სამხრეთით, თითქმის ეკლესიის კარის პირდაპირ. ციხის ეზოში შემსვლელი ეკლესიაში სწორედ ამ კარით შედიოდა, ხოლო ჩრდილოეთის კარი დამხმარე მნიშვნელობისა იყო. ამის გარდა, ჩრდილოეთის ფასადი ძალიან ახლოსაა ციხის გალავანთან, რაც არ ქმნის ხელსაყრელ პირობებს კარის მორთულობის აღქმისათვის.
ჩრდილოეთ კარის ზემოთ, ორნამენტული შეტეხილი თაღით შექმნილ არეზე, როგორც აღვნიშნეთ წარმოდგენილია ჯვრის ამაღლების სცენა, მაგრამ ოსტატი არ მისდევს მიღებულ იკონოგრაფიულ წესებს. აქ წარმოდგენილია „გოლგოთის ჯვარი“, რომელიც წრიულ ჩარჩოშია ჩასმული, მასზე კი ორივე მხარეს ანგელოზები ფრთებითაა „აკრული“. ოსტატს ვერ მოუხერხებია ჯვრის ამ ჩარჩოსათვის ანგელოზების ორივე ფრთით დაკავშირება. ამიტომ თავებს ზემოთ არსებულ ცარიელ არეს ავსებს ფოთლებით, მაგრამ ეს ფოთლები დამუშავებით არ განირჩევა ფრთებისაგან; ამის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ანგელოზები, მართლაც ორ-ორი ფრთით ეხებიან მედალიონს და მთლიანად მაინც ჯვრის ამაღლების სცენა წარმოგვიდგება.
ჩრდილოეთ ფასადის თაღოვან არეზე, როგორც აღვნიშნეთ, დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია აღმართული. ეს ჯვარი ყველაზე მარტივია, წვრილი და გრძელმკლავება. ჯვარს უბრალო პროფილი აქვს: მხოლოდ ერთი რელიეფური ღერო, რომლის სამი ბოლო დაღარული კოპებით მთავრდება, ხოლო მეოთხე (ზედა) ბრტყელ ქვაზე ამოკვეთილია როზეტი. მთავარ ღერძზე ქვედა ორი მესამედი რთულ მცენარეულ მოტივს უჭირავს. დანარჩენი კი ბადისებრი ლენტოვანი წნულია.
ჩრდილოეთ ფასადზე სამი სარკმელია: ერთი მაღალი - ცენტრში და ორი წრიული - ჯვრის ჰორიზონტალური მკლავების ბოლოებში. ქვემოთ სამივე სარკმელი ლილვოვანი მოჩარჩოებაა. ცენტრალურს ორი ლილვი აქვს, პატარებს - თითო.
გუმბათის ყელი 16-წახნაგოვანი პრიზმაა, ქვემოთ ერთი ლილვი მთავრდება, ზემოთ კი - რთული პროფილის მქონე კარნიზით. გუმბათის ყელის თითოეულ წახნაგზე თითო ისრუთაღიანი სარკმელია მოთავსებული. სარკმლები კედლის სიბრტყეში ჩაკვეთით თითო ლილვითაა შემოხაზული. სარკმელთა ზედა ჰორიზონტი ლილვის ქვემოთ მორთულია: წიბოებზე მოთავსებულია ჩუქურთმიან კოპზე შემდგარი ლილვები, რომლებიც ზემოთ იშლება და წრიულადაა მოხაზული ორივე მხარეს; მათ შუა, თითოს გამოშვებით, მარტივი, რელიეფურად გამოსახული ჯვრებია მოცემული.
ანანურის ტაძარს 16 სარკმელი და ამდენივე წახნაგი აქვს. 16-სარკმლიანობა ქართული ძეგლებისათვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ არც იშვიათია.
გუმბათის ყელის მორთულობის განხილვისას უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ორიგინალურია და მისი უშუალო პარალელი დღემდე ცნობილ ძეგლებში არ მოიპოვება. ყელის ზედაპირი სარკმლების სიმაღლეზე „შიშველია“, ზედა ჰორიზონტი კი მორთულია. სარკმლების ხვრელობებს ჩაღრმავებული რელიეფით მოცემული ერთი წვრილი ლილვი გასდევს და ზემოთ შეტეხილი ფორმა აქვს. ეს მორთულობა იმდენად მკრთალია, რომ თითქმის შეუმჩნეველი ხდება.
როგორც აღვნიშნეთ, ანანურის გუმბათის ყელს კარნიზის ქვემოთ მსხვილი ლილვი გასდევს. ქვემოდან მას ებჯინება ლილვაკები, რომლებიც ზემოთ ცხვრის რქებისებრი ორკაუჭით მთავრდება და ქვემოთ კოპებს ეყრდნობა.
ანანურის ძეგლი მდიდარია ორნამენტაციით. ამ ხანაში სხვა ძეგლი არა გვაქვს ანანურის ეკლესიის სიდიდისა და რაც მთავარია, ასე მრავალფეროვნად მორთული. მაგრამ თავისთავად ორნამენტთა სიმრავლე და მრავალფეროვნება არ განსაზღვრავს მის ხარისხს. ანანურის ორნამენტაცია შესრულების მანერით სწორედ გვიანფეოდალური ხანისათვისაა დამახასიათებელი.

ანანურის ანსამბლი შედგება ზედა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ციხისაგან. ქვედა ციხე აგებულია XVIII საუკუნეში. მას არასწორი სამკუთხედის ფორმა აქვს და ზედა ციხეზეა მიშენებული ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. შემორჩენილია ყორე ქვითა და აგურით ნაგები გალავნის კოშკებისა და საცხოვრებელი სახლების კვალი. აღმოსავლეთი კედლის ოთხკუთხა კოშკში ჭიშკარი იყო, გალავნის სამხრეთ კედელში - სათადარიგო კარი.
ზედა ციხე (ციტადელი) ხუთგვერდაა, აგებულია XVI-XVII საუკუნეებში.

ზედა ციხის აღმოსავლეთ კიდეში დგას ეკლესია „მკურნალი”, რომლის თითქმის მთელი კორპუსი გალავანს გარეთ გადის. თარიღდება XVI საუკუნის მეორე ნახევრით. ეკლესია დარბაზულია (11,2 X 7,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელი და ორი სწორკუთხა ნიშია. დასავლეთის კედელში გაჭრილი სარკმელი ამჟამად ამოქოლილია. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ, ოთკუთხა ტრაპეზი დგას. მსგავსი ნაგებობაა ჩრდილოეთის ნიშის ქვემოთაც, რომელიც სამსხვერპლოდ გამოიყენებოდა. დარბაზი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით. შეისრულია კონქის თაღიც. ფასადები სადაა. ეკლესიას ორფერდა სახურავი ჰქონდა, მასზე მოგვიანებით საგანგებო ბაქანი მოაწყვეს და სამრეკლო დააშენეს.

სამრეკლო რვაგვერდა ღია ფანჩატურია. თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით. ნაგებია თლილი ქვით. მისი კამარა ნახევარწრიულ თაღებს ეყრდნობა, თაღები - წიბოებჩამოთლილ ქვის ოთხგვერდა სვეტებს. სვეტებს პროფილირებული ბაზისები და კაპიტელები აქვს. კედლები დასრულებულია მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ლავგარდანსა და თაღს შორის ვარდულებია ჩასმული. სამრეკლო გადახურულია ჰორიზონტალურად ნაწყობი აგურით. სახურავის ქიმი ქვისგანაა გამოთლილი.

დიდ გუმბათოვან ეკლესიასა და სამრეკლოს შორის მიწისქვეშა რვაკუთხა საკანია (3,5 X 3,5 მ). იგი დასავლეთით ეკლესია „მკურნალს“ ეკვრის. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აქვს. ქვედა ციხის ეზოდან ვიწრო, ორიიარუსიანი დერეფანი თაღიანი კარით უკავშირდება საკანს. მისი სარკმელი გაერთიანებულია ეკლესიის დასავლეთის კედელში გაჭრილ სარკმელთან. ამ სარკმლის ორივე გვერდზე, ნიშებში მოქცეული პატარა სარკმლები ამჟამად ამოშენებულია. კარის პირდაპირ ბუხარი იყო, რომელშიც ახლა საკნიდან ზედა ციხის ეზოში ასასვლელია გაჭრილი. საკანი გადახურულია აგურის გუმბათოვანი კამარით.
ზედა ციხის გალავნის სამხრეთ კედელზე შიგნიდან მიშენებულია წყალსაცავი, რომელიც შედგება ორი ავზისა და სასმელი წყლის მისაღები სათავსისაგან - „წყაროსგან“. წყალსაცავი ნაგებია დამუშავებული ქვით. ავზები სწორკუთხა ისრული კამარით გადახურული სათავსებია. წყალი გამოყვანილი იყო ციხის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხეივნიდან მიწაში ღრმად ჩაწყობილი თიხის მილებით. ზედა ციხის გალავნის დასავლეთის კედლის ქვეშ („შეუპოვართან“ ახლოს) შემოსული წყალსადენი უერთდებოდა წყალსაცავს. ავზები წყალგაუმტარი ხსნარითაა შელესილი. წყალი შედიოდა წყალსაცავის დასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში სპეციალური შესასვლელით და ავზების გამყოფ კედელში არსებული პატარა კარით გადადიოდა მეორე სათავსში, ამ სათავსის გავსების შემდეგ მილებით ჩადიოდა მესამე სათავსში, „წყაროში“, რომელიც მეორე ავზზე ჩრდილოეთიდანაა მიშენებული. „წყარო“ გეგმით ჯვაროვანია, ჯვრის მკლავებს აგურით ამოყვანილი ისრული კამარები აქვს. აგურისაა აგრეთვე შუა ავზის კამარა, პანდანტივები, კარის თაღი და დეკორატიული წყობა მის გარშემო. წყალსაცავის უმეტესი ნაწილი მიწაშია. არქიტექტურულად დამუშავებულია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აგურითაა ამოყვანილი. ფასადზე ისრული თაღი დიდ სწორკუთხედშია ჩასმული და ზევიდან აგურის კბილანა წყობის ჰორიზონტალური ხაზი გასდევს. ზედა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კიდევ ერთი პატარა წყალსაცავია - ნატეხი ქვით ნაგები ჭა, რომლის სიღრმე 6 მეტრია, ზედა დიამეტრი 1,2 მეტრი, ქვედა - 3 მეტრი. შიგნიდან შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით.
ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია, იგი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (16,4 X 13,3 მ), ნაშენია ნატეხი ქვით და აგურით. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის პირველ ნახევარში. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სამხრეთის შესასვლელის წინ სწორკუთხა კარიბჭეა. შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის მკლავები და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი, რომელიც ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და დასავლეთით მდგარ ჯვაროვანი გეგმის ორ ბოძს. ამ ბოძების დასავლეთით ამგვარივე ბოძების კიდევ ერთი წყვილია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვანეა. სამკვეთლო დასავლეთით ღიაა და თაღით უკავშირდება ჩრდილოეთის მკლავს. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში აფსიდში გამავალი თაღოვანი კარია. მკლავების კამარები ისრულია: დასავლეთის მკლავი გვერდითა ”ნავებს” ორ-ორი თაღით უერთდება. გვერდითა ”ნავები” ორ კვადრატულ მონაკვეთად იყოფა. თითეულ მათგანს თავისი ოთხწახნაგა შეკრული კამარა აქვს. ცილინდრული გუმბათის ყელში თოთხმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში - თითო.
ეკლესიის ინტერიერში, სამხრეთის კართან ახლოს, დგას თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა სალხინობელი. მისი კამარა კუთხის სვეტზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. კამარა შელესილი და მოხატულია. მოხატულობა ოდნავ დაზიანებულია. აღმოსავლეთით ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელია - ყრმით ხელში, სამხრეთით - ხარება და მოგვთა თაყვანისცემა, დასავლეთით - ღვთისმშობლის მიძინება, ნათლისღება და ჯვარცმა. მოხატულია სალხინობლის თაღებიც. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღებზე მხოლოდ ორნამენტებია. მოხატული იყო აგრეთვე სვეტების ის ადგილები, სადაც წარწერა არ იყო. სალხინობლის სამ კედელზე ვრცელი მხედრული წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ „ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისთვის.
ეკლესიის ცოკოლი მიწითაა დაფარული. ნატეხი ქვით ნაგებ კედელზე მხოლოდ სარკმლების ხვრელობებია.

ანანურის ციხის ციტადელი უკეთაა შენახული. ამ გრძელ ნაგებობაში რამდენიმე კოშკია ჩართული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, ოთხსართულიანი სათავდაცვო კოშკის პირველ სართულიდან. კარის წინ ქვის კიბეა. კოშკის ზედა სართულები დაზიანებული და გადაკეთებულია. მეორე სართული საცხოვრებელია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრულთაღოვანია და შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. შესასვლელის ორივე მხარეს თითო თახჩაა. ორი თახჩაა აღმოსავლეთ კედელში. მათ შორის ბუხარია. სამ-სამი თახჩაა სამხრეთით და ჩრდილოეთით. მათგან სამხრეთი თახჩები სათოფურებითაა აღჭურვილი. მესამე სართული სათავდაცვოა. შესასვლელი დასავლეთიდანაა - საბრძოლო ბილიკიდან. შემორჩენილია სათოფურეები. მეოთხე სართული ქონგურებიანი ბანია, სართულის სამხრეთ კედელში სათოფურების გარდა ერთი სალოდეცაა.
გალავნის დასავლეთ კედელში სამი კოშკია. შუა კოშკი - „შეუპოვარი“ ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი სათავდაცვო ნაგებობაა. გეგმით მოგრძო სწორკუთხედია (6,8 X 8 X 20 მ). მისი ორი მესამედი ნაწილი გალავნის გარეთაა გასული. კოშკი თავდაპირველად ექვსსართულიანი იყო, მოგვიანებით ორფერდა სახურავი მოხსნეს და კედლები აამაღლეს. ამჟამად, კოშკს პარაპეტიანი ბანი აქვს. კოშკი საცხოვრებელიცაა. მთავარი შესასვლელი პირველ სართულზეა ეზოს მხრიდან. კოშკში შესვლა საბრძოლო ბილიკებიდანაც შეიძლება. შესასვლელები მეორე სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია - ერთმანეთის პირდაპირ. ყოველ სართულზე სათოფურეების უწყვეტი მწკრივებია. სათოფურეები მოქცეულია სწორკუთხა ნიშებში. პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულზე თითო ბუხარია. სართულშუა გადახურვა ხისაა - ბრტყელი. კედელში ჩატანებული კიბე მეორე სართულიდან ბოლო სართულამდე ადის. საბრძოლო ბილიკებით კოშკი გალავნის სხვა კოშკებთანაა დაკავშირებული.
გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ცილინდრული კოშკია ჩართული. იგი ექვსსართულიანია და დასრულებულია ღია ბანით. პირველ სართულზე შესასვლელი ეზოდანაა, მეორე და მესამე სართულებზე - საბრძოლო ბილიკიდან. კოშკის ყოველ სართულზე სათოფურების უწყვეტი მწკრივებია. პირველ სამ სართულზე ბუხრებიცაა. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდება ერთმანეთს. კოშკი სათავდაცვოა. მეოთხე სართულზე ოთხი სალოდეა, მოგვიანებით დაშენებულ ზედა ორ სართულზე - ცალმაგი და ორმაგი სათოფურები.
გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას პატარა ცილინდრული ფორმის სათავდაცვო ოთხსართულიანი კოშკი. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან, მეორე და მესამეზე კი საბრძოლო ბილიკიდან. პირველ სართულზე ოთხი სათოფურია, ზედა სართულებზე მათი რაოდენობა მატულობს. მეოთხე სართულზე სალოდეები და საზარბაზნეებია. ბუხარი მხოლოდ მეორე და მესამე სართულებზეა, შესასვლელის პირდაპირ.
გალავნის ჩრდილოეთ კედლის ცენტრალურ ნაწილში დგას ყველაზე პატარა ნახევარწრიული კოშკი. შემორჩენილია მისი სამი სართული. ზედა ორი სართული ეზოს მხარეს ღიაა. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან, კარის პირდაპირ ბუხარია, გვერდებზე - თახჩები. მეორე სართულზე სათოფურები და სალოდეებია, მესამეზე - მხოლოდ სათოფურეები. სართულშუა გადახურვა არსად არ შემორჩენილა.
ზედა ციხის ცენტრში დგას ეგრეთწოდებული ხევსურული კოშკი, იგი ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა, თარიღდება XIV-XV საუკუნეებით. კოშკი ოთხსართულიანია. იგი მაღალი (18 მეტრი) და ვიწროა, ნაგებია ნატეხი ქვით. განსხვავდება დანარჩენი კოშკებისაგან პროპორციებით, გადახურვის ფორმითა და კონსტრუქციით (ასეთ კოშკებს საქართველოს მთიან ადგილებში აგებდნენ). კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი ისრულთაღიანია, იკეტებოდა ურდულით. სართულები ერთმანეთს მისადგმელი კიბით უკვაშირდებოდა. სართულშუა ხის გადახურვა ჩანგრეულია. პირველი სართულის კედლებში მხოლოდ პატარა ნიშებია, მეორ და მესამე სართულების კედლებში - თითო ვიწრო სარკმელი, მეოთხე სართულის ყოველ კედელში თითო განიერი სარკმელია, ყველა სარკმლის თაღი შიგნიდან ისრულია, გარედან - ნახევარწრიული. გადახურვის ქვეშ ისრულკამარიანი სათვალთვალო სათავსია. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. კედლები ამოყვანილია ნატეხი ქვის წესიერი წყობით. ზოგან შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. პირამიდული გადახურვის საფეხურები გარედან დაფარულია ქვის ლორფინებით.

ანანურის ციხე-დარბაზი ახლაც ამაყად გადმოჰყურებს არაგვის ხეობას. მას აღტაცებაში მოჰყავს ადგილობრივი მცხოვრები თუ უცხო მოგზაური.

1 comment:

  1. სამხრეთის ფასადის დიდი სურათი თუ გაქ მომაწოდე გთხოვ. დაგიფასებ :)

    ReplyDelete